გენშტაბი: უკრაინულმა ძალებმა მტერი აიძულეს, რიგი მიმართულებით უკან დაეხიათ

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა ბახმუტისა და ავდიივკის მიმართულებით მტრის შეტევითი ოპერაციები მოიგერიეს.

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალურმა შტაბმა Facebook-ზე გაავრცელა ინფორმაცია, რომ 24 აგვისტოს დილის 06:00 საათისთვის, მტერი აგრძელებდა ძალისხმევას დონეცკის ოლქზე სრული კონტროლის მოპოვების მიზნით, ასევე, ხერსონის ოლქის, ხარკოვის ოლქის, ზაპოროჟიესა და მიკოლაივის ოლქის ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონტროლისა და საბრძოლო შესაძლებლობების აღდგენაზე.

რუსული ჯარები უკრაინის მასშტაბით, სამოქალაქო ობიექტებზე საჰაერო და სარაკეტო დარტყმებს აგრძელებენ.

მისივე თანახმად, ბელორუსული ძალები ასრულებენ ამოცანებს უკრაინა-ბელორუსის საზღვრის დაცვის გასაძლიერებლად ბრესტისა და გომელის რეგიონებში.

„სლოვიანსკის მიმართულებით, კრასნოპილიასა და მაზანივკას მახლობლად, რუსმა ოკუპანტებმა საარტილერიო დარტყმები განახორციელეს. მტერმა სცადა დაზვერვის ჩატარება ბოხოროდიხნის ახლომდებარე ტერიტორიებზე. უკრაინულმა ძალებმა ცეცხლის ზარალი მიაყენეს მტრის ქვედანაყოფებს და აიძულეს, უკან დაეხიათ“, - აცხადებს გენშტაბი.