ოპოზიციის ლიდერები ელექტრონული არჩევნების და საგამოძიებო საპარლამენტო კომისიის შექმნის შეთავაზებაზე

პარლამენტის თავმჯდომარის და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოწოდებებს, კიდევ ერთხელ გადახედოს ოპოზიციამ პარლამენტში არ შესვლის გადაწყვეტილებას, სხვადასხვა ოპოზიური პარტიების ლიდერები ეხმაურებიან.

„გირჩის“ თავმჯდომარის იაგო ხვიჩიას განცხადებით, თუ ის პირობა დაიდება რომელიც მას სურს, სჯერა რომ ოპოზიცია პარლამენტში სრულად შევა.

აღნიშნული განცხადებით, იაგომ ხვიჩიამ პარლამენტის თავმჯდომარის არჩილ თალაკვაძის განცხადებას უპასუხა, რომელმაც განაცხადა რომ პარლამენტში ერთი ოპოზიციური პარტია უკვე არის და დროა სხვა პარტიებმაც საკუთარ გადაწყვეტილებას გადახედონ.

ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" წევრი, ირმა ნადირაშვილი. მისი თქმით, ოპოზიციის მოთხოვნაა, რიგგარეშე არჩევნები, საარჩევნო სისტემის შეცვლაა და ყველა სხვა შემოთავაზება მათთვის მიუღებელია.

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის ირაკლი კობახიძის თქმით, საგამოძიებო კომისიის მუშაობაში ჩართვა "ოპოზიციისთვის არის ბოლო შანსი" და თუკი ამაზე უარს იტყვიან, ყველა შანსს დაკარგავენ. კობახიძემ ბრიფინგზე მომდევნო არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარების საკითხზეც ისაუბრა.

იაგო ხვიჩიამ კობახიძის შეთავაზებასაც უპასუხა და განაცხადა, რომ არჩევნების ელექტრონული წესით ჩატარება და 2020 წლის არჩვენების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნა არ იქნება ის პირობა, რომლის გამოც ის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში შევა.

„ჩვენი პოზიცია არ შეცვლილა და მხოლოდ საკუთარი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში შევალ პარლამენტში. ჩვენ პირველი დღიდან პოზიცია არ შეგვიცვლია განსხვავებით ჩვენი კოლეგებისგან, როგორც ხელისუფლებაში, ასევე ოპოზიციაში. ბოლო პირობა რაც ითქვა საჯარო სივრცეში, ეს იყო რომ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს მიებას ამ არჩევნების ან ახალი არჩევნების დანიშვნა არ დანიშვნის საკითხი და პროპორციული არჩევნები, რომელიც ჩვენ გვაინტერესებდა. თუ ეს პირობა დაიდება, მე ყველაფერს გავაკეთებ და მჯერა იმისიც, რომ ოპოზიციას სრულად შევიყვანთ პარლამენტში. ის ხალხი, ვისაც კონსტრუქციულად გვინდა ამ თემის დამთავრება. უბრალოდ, ამ თემაში მთავარი ხელის შემშლელი ჩვენთვის, იმ ხალხისთვის რომლებიც საღ აზრზე ვართ, ამ წუთას გასაქანს არ გვაძლევს ხელისუფლება, რომელიც გამოდის კობახიძის სახით და გველაპარაკება ულტიმატუმის ენით,“ - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერის გიგა ბოკერიას თქმით, არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა, ერთ-ერთი კომპონენტია, რომელიც ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ განიხილება და რომლის შეთავაზებაც ოპოზიციამ გააკეთა.

მისი თქმით, ამ კრიზისიდან ერთადერთი გამოსავალი არის ვადამდელი ნორმალური არჩევნები და არა საგამოძიებო კომისიის შექმნა, ან მომდევნო არჩვენების ელექტრონული წესით ჩატარების შეთავაზება.

„არჩევნებში ელექტრონული ელემენტების დანერგვა არის ერთ-ერთი საკითხი ახალი საპარლამენტო არჩევნების ქოლგის ქვეშ, ცალკე არ განიხილება. ესეც ყველამ იცის, ჩვენ დიდი ხანია ნათქვამი გვაქვს ძალიან მკაფიოდ, რომ ჩაყრით და „კარუსელით“ მოხდა ძირითადად ამ არჩევნების გაყალბება და ამას უშველის მხოლოდ ახალი არჩევნები, სხვა ინსტრუმენტი აქ არ არსებობს, რომ ვიღაცამ დაწეროს ახალი ციფრები. ახლა უბრალოდ დროის ათვლა მიდის, როდის მოვა გონს ივანიშვილი და მისი გარემოცვა, რომ ვადამდელი არჩევნები უნდა დანიშნონ, როგორც ერთადერთი გამოსავალი ამ კრიზისიდან“, - აცხადებს გიგა ბოკერია.

შეგახსენებთ რომ პარალემნტში შესავლაზე თანხმობა განაცხადა "პატრიოტთა ალიანსიის" საარჩევნო სიის 4 წევრმა, რომლებიც "პატრიოტთა ალიანსს" გაემიჯნენ და 2021 წლის იანვარში, ახალი პარტია "ევროპელი სოციალისტები" დააფუძნებს.