„ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც გადადგა უპრეცედენტო ნაბიჯი და კიდევ ერთხელ დაგვიტოვა, გვაჩვენა და გვასწავლა უმაღლესი სტანდარტი სახელმწიფოებრივი ქცევის, რა თქმა უნდა, საჭიროებს მადლიერების გამოხატვას. მრავალი წელია საჭირო იმისთვის, რომ მისი მოღვაწეობა ხალხმა კარგად შეაფასოს და დააფასოს მისი საქმიანობა“, - ეს განცხადება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს „ქართული ოცნების“ ოფისში მედიასთან გააკეთა.
მისი თქმით, ყველასთვის ცნობილია, რომ ძალაუფლებაა ყველაზე დიდი გამოწვევა და ყველაზე დიდი ცდუნებაა, რომელიც შეიძლება ადამიანმა გამოსცადოს.
„ბიძინა ივანიშვილის დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ მას არასდროს არ მართავდა ძალაუფლება, როგორც ეს მმართველების შემთხვევაში ყოფილა და ჩვენ არაერთი ისტორია ვიცით კაცობრიობის არსებობის განმავლობაში. მისი დღევანდელი გადაწყვეტილება ადასტურებს იმას, რომ ის თავად მართავდა ძალაუფლებას, რაზეც მან თავად განაცხადა უარი“, - განაცხადა ღარიბაშვილმა. .
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილმა მიიღო უპრეცედენტო გადაწყვეტილება წასვლის შესახებ, მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში მესამე ვადით დარჩა.
„ამ ფენომენს სჭირდება კარგად დაფიქრება და მერე შეფასება“, - აღნიშნა ღარიბაშვილმა.