ზელენსკი: 24 თებერვალს გვითხრეს: შანსი არ გაქვთ. 24 აგვისტოს, ჩვენ ვამბობთ - უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით ვიდეომიმართვა გაავრცელა.

„ექვსი თვის წინ რუსეთმა ომი გამოგვიცხადა. 24 თებერვალს მთელმა უკრაინამ გაიგო აფეთქებების და სროლის ხმა. ვერ წარმოედგინათ, რომ 24 აგვისტოს შესაძლებელი იქნებოდა ამ სიტყვების მოსმენა: „გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს". 24 თებერვალს გვითხრეს: „შანსი არ გაქვთ“. 24 აგვისტოს ჩვენ ვამბობთ: უკრაინა, გილოცავ დამოუკიდებლობის დღეს!

ჩვენ ჯერ არ გვქონდა HIMARS-ი, მაგრამ გვყავდა ადამიანები, რომლებიც მზად იყვნენ, შიშველი ხელით შეეჩერებინათ ტანკები.

ისინი მზად არ იყვნენ ჩვენთვის ცის დაკეტვისთვის, მაგრამ ჩვენ გვყავდა ხალხი, ვისაც სურვილი ჰქონდა, საკუთარი მიწა დაეცვა.

 
უკრაინელმა ხალხმა და მათმა გამბედაობამ შთააგონა მთელი მსოფლიო. მათ კაცობრიობას ახალი იმედი მისცეს, რომ სამართლიანობამ ბოლომდე არ მიატოვა ჩვენი ცინიკური სამყარო. და, მასში არა ძალა, არამედ სიმართლე იმარჯვებს. ფული კი არა, ღირებულებები იმარჯვებს.
ჩვენი დროშა იქნება ყველგან, სადაც უნდა იყოს. როგორც დონბასში, ასევე ყირიმში. მტერს ეგონა, ყვავილებით და შამპანურით დავხვდებოდით, ამის ნაცვლად, გვირგვინები და მოლოტოვის კოქტეილები მიიღეს.

ოკუპანტს სჯეროდა, რომ რამდენიმე დღეში ის ჩვენი დედაქალაქის ცენტრში აღლუმს ჩაატარებდა. დღეს ეს „აღლუმი“ ხრეშჩატიკზე შეგიძლიათ, ნახოთ. მტკიცებულება იმისა, რომ მტრის ტექნიკა კიევის ცენტრში მხოლოდ ასეთი ფორმით შეიძლება, გამოჩნდეს. დამწვარი, დანგრეული და განადგურებული.

ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა როგორი ჯარი გყავთ, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ჩვენი მიწა. ამისთვის ბოლომდე ვიბრძოლებთ“, - ამბობს ზელენსკი.