ფორმულა: ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა

„ფორმულას“ ცნობით, ტელეკომპანიის გადამღებ ჯგუფს პირდაპირი ეთერის დროს, ცივი იარაღით შეიარაღებული პირი თავს დაესხა.

უცნობმა პირმა ჟურნალისტს, რატი წვერავას მიკროფონი წაართვა, დანით ემუქრებოდა და ცდილობდა, თავს დასხმოდა ოპერატორს. 

მომხდარზე ჟურნალისტმა რატი წვერავამ პოლიციას შეატყობინა.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფორმულას ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო. 

უწყების ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის მეორე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას გულისხმობს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ჩაატარებს ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებას, დანაშაულში მხილებული პირის დადგენისა და დაკავების მიზნით. 

შემთხვევის შემდეგ განცხადება გაავრცელა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიამ და ხელისუფლებას მოუწოდა, დაიცვას ჟურნალისტების უსაფრთხოება და პროფესიული საქმიანობის შესრულებისას მედიას შეუქმნას შესაბამისი სამუშაო პირობები.