თბილისის მერი კახა კალაძე უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. შესაბამისი ტექსტი დედაქალაქის მერის Twitter-ზე განთავსდა.
„ვულოცავ უკრაინას დამოუკიდებლობის დღეს. საქართველოს და უკრაინას აქვთ დიდი საერთო ისტორია თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის კუთხით. ჩვენ თქვენს გვერდით ვდგავართ ამ ბრძოლაში. გისურვებთ მშვიდობას და გამარჯვებას. #სლავაუკრაინა“, - წერს თბილისის მერი.
შეგახსენებთ, უკრაინა 31-ე დამოუკიდებლობის დღეს 24 აგვისტოს აღნიშნავს და ამ დღეს, რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან ზუსტად ექვსი თვე გავიდა.
დღესასწაულის წინ, მთავრობამ დედაქალაქ კიევში მასობრივი შეკრებები აკრძალა. ჩვეულებრივ, უკრაინული სამხედრო აღლუმის ნაცვლად, რომელსაც კონცერტი მოჰყვებოდა ხოლმე, კიევის ცენტრალურ ქუჩაზე, ახლა, უკრაინულ ძალებთან ბრძოლაში დაზიანებული და დამწვარი რუსული სამხედრო მანქანები გვხვდება.