- მომზადებულია BBC-ის მიხედვით
ოთხშაბათს, 24 აგვისტოს, უკრაინა საბჭოთა მმართველობისგან დამოუკიდებლობის 31 წლის იუბილეს აღნიშნავს. ამავე დღეს გადის 6 თვე მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა.
ორშაბათიდან ხუთშაბათამდე, რუსული სარაკეტო დარტყმის მაღალი რისკის გამო, მასობრივი ღონისძიებები კიევში აკრძალულია. ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთის ქალაქ ხარკოვში სამშაბათის საღამოდან ხუთშაბათის დილამდე გაფართოებული კომენდანტის საათი ამოქმედდება.
საჰაერო შეტევის ე.წ. სირენებს ასევე დაემატა ხმოვანი სიგნალიზაცია, რომელიც ქიმიურ და ბირთვულ საფრთხეებზე მიუთითებს.
„ოკუპანტები ვერ წარმოიდგენდნენ, რომ ახლაც კი, ასეთი სასტიკი ექვსთვიანი ომის შემდეგ, ჩვენ აღვნიშნავდით ჩვენს დამოუკიდებლობის დღღეს ჩვენს მიწასა და ჩვენს დედაქალაქში“, - განაცხადა, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ საღამოს თავის რეგულარულ ვიდეომიმართვაში.
„180 დღე, თითქმის ექვსი თვე, და, ჩვენი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას ეჭვი არ ეპარება, რომ ჩვენ უკრაინის გამარჯვებას მივაღწევთ“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.
უკრაინის პრეზიდენტმა დამოუკიდებლობის დღეს შესაძლო პროვოკაციების შესახებ მოსახლეობა გააფრთხილა
„მტრის ერთ-ერთი მთავარი მიზანია ჩვენი დამცირება, სასოწარკვეთის, შიშის და კონფლიქტის დათესვა.
„ჩვენ უნდა ვიყოთ საკმარისად ძლიერები, რომ წინააღმდეგობა გავუწიოთ ყველა პროვოკაციას და ვაიძულოთ ოკუპანტები, ტერორისთვის მძიმე ფასი გადაიხადონ“, - დაამატა ზელენსკიმ.
ცნობისათვის, 2022 წლის 24 თებერვალს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო. 12 აპრილს, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გენოციდში დაადანაშაულა.
14 აპრილს უკრაინის უმაღლესმა რადამ რუსეთის შეიარაღებული ძალების მოქმედებები უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ გენოციდად აღიარა. 19 აპრილს, რუსეთმა აღმოსავლეთ უკრაინაში აქტიური იერიში დაიწყო. 21 აპრილს, ლატვიისა და ესტონეთის პარლამენტებმა უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად აღიარეს. 28 აპრილს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ასევე აღიარა კანადის პარლამენტმა. 11 მაისს, უკრაინაში რუსეთის ქმედებები გენოციდად ჩეხეთის სენატმაც აღიარა. 6 მაისს, ირლანდიის სენატმა რუსეთის ქმედებები უკრაინაში გენოციდად მიიჩნია.
რუსეთის ძალებმა 2022 წლის 4-დან 31 მარტამდე უკრაინის დედაქალაქ კიევიდან ჩრდილო-დასავლეთით 30 კილომეტრში მდებარე ქალაქ ბუჩის ოკუპაციის დროს ომის აშკარა დანაშაულები ჩაიდინეს, ნათქვამია Human Rights Watch-ის 21 აპრილს გამოქვეყნებულ დეტალურ ანგარიშში. ორგანიზაციამ ომის დანაშაულის და კაცობრიობის წინააღმდეგ პოტენციური დანაშულის მტკიცებულებები შეაგროვა.
ომის დანაშაულში ბრალდებული პირველ რუსი ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 31 მაისს, კიდევ ორ რუს ჯარისკაცს უკრაინის სასამართლომ ომის დანაშაულისთვის 11 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.
„რუსეთის საჰაერო თავდასხმა უკრაინის ქალაქ მარიუპოლის თეატრზე, სადაც ასობით მშვიდობიანი მოქალაქე აფარებდა თავს, ომის აშკარა დანაშაულია", - განაცხადა უფლებადამცველმა ორგანიზაცია Amnesty International-მა 30 ივნისს, როდესაც მრავალი გადარჩენილი ადამიანი გამოკითხა და ვრცელი ციფრული მტკიცებულება შეაგროვა. 23 ივლისს, Human Rights Watch-მა რუსეთის მიერ ოკუპირებულ სამხრეთ უკრაინის ტერიტორიაზე ადამიანების გატაცებისა და წამების შესახებ ანგარიში გამოაქვეყნა.
დასავლეთი რუსეთს მძიმე სანქციებს უწესებს და უკრაინას სამხედრო და ეკონომიკურ დახმარებას უწევს.