უკრაინა გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიისთვის რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ რეზოლუციას წარადგენს. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომაზე ვიდეო ბმულით გამოსვლისას პრეზიდენტმა ზელენსკიმ განაცხადა, რომ არ არსებობს სამხედრო დანაშაული, რომელიც რუს ოკუპანტებს ჯერ არ ჩაუდენიათ უკრაინის ტერიტორიაზე.
ზელენსკიმ რადიაციული კატასტროფის, სასურსათო კრიზისის, ყველა საერთაშორისო დებულებისა და კონვენციის დარღვევის საფრთხის განზრახ შექმნაზე ისაუბრა. ყურადღება გაამახვილა დროებით ოკუპირებულ ოლენივკაში რუსი სამხედრო დამნაშავეების მიერ უკრაინელი სამხედრო ტყვეების მკვლელობაზე.
„სასწრაფოდ არის საჭირო გაეროს ფაქტების დამდგენი მისია ოლენივკაში, რომლის მანდატი უნდა გავრცელდეს ყველა უკრაინელი სამხედრო ტყვეზე, რომლებიც ამჟამად რუსული ძალების მიერ არიან დაკავებულები“, - განაცხადა ზელენსკიმ.
„იმისათვის, რომ მსოფლიოს ვერცერთმა ქვეყანამ ვერასოდეს უგულვებელყოს გაეროს წესდება და კონვენციები, რომლებიც სავალდებულოა მთელი კაცობრიობისთვის, გამონაკლისის გარეშე - რუსეთმა პასუხი უნდა აგოს უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულისთვის. შესაბამისი რეზოლუცია განსახილველად წარედგინება გაეროს გენერალური ასამბლეის 77-ე სესიას“, - დაამატა ზელენსკიმ.