აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა კავკასიის საკითხებში მოლაპარაკებების მიმართულებით მთავარ მრჩევლად ფილიპ რიკერი დანიშნა. შესაბამისი ინფორმაცია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე განთავსდა.
აშშ-ის განცხადებით, ელჩი რიკერი იქნება აშშ-ის ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარე და წამყვანი მომლაპარაკებელი აშშ-ის დელეგაციისთვის ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებზე ამ კრიტიკულ პერიოდში.
ამერიკელმა დიპლომატმა Europetime-თან ანაკლიის პორტზე საუბრისას განაცხადა, რომ ეს არის უდიდესი შესაძლებლობა უცხოელი ინვესტორების მოსაზიდად.
„ეს უდიდესი შესაძლებლობაა. შექმენით გარემო და თუ ის ინვესტორებისთვის მიმზიდველი იქნება, ისინი მოვლენ. ეს არის უდიდესი შესაძლელობა ინვესტიციებისთვის, რასაც ამ ეპატზე გვსურს დავეხმაროთ და მხარი დავუჭიროთ“, - განუცხადა ფილიპ რიკერმა Europetime-ს.
რაც შეეხება აშშ-სთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხს. ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვას ამასთან დაკავშირებითაც უპასუხა. შესაძლებელია თუ არა ეს შეთანხმება ამოქმედდეს, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებს ახალ რანგში აიყვანდა და ინვესტორებისთვისაც მნიშვნელოვანი სიგნალი იქნებოდა. Europe Time დაინტერესდა, ხომ არ იგეგმება ამ პროცესის გააქტიურება.
ფილიპ რიკერის განცხადებით, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს, გახდეს საერთაშორისო ვაჭრობისთვის მიმზიდველი.
„ჩვენ ვაფასებთ საქართველოს სურვილს, გაააქტიუროს სავაჭრო ურთიერთობები აშშ-სთან. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმების გზის გაგრძელება. მათ შორის, 19 აპრილის შეთანხმების შესრულება და შესაბამისად, უფრო ეფექტური გარემოს შექმნა საერთაშორისო ვაჭრობისთვის, რაშიც ძალიან დიდ როლს თამაშობს კანონის უზენაესობა.
მოგეხსენებათ, რომ თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ეს არის ამერიკის სავაჭრო წარმომადგენლის პრეროგატივა. თუმცა, აღვნიშნავ, რომ ამ პროცესში ძალიან მნიშვნელოვანია გამჭვირვალე ბიზნესგარემოს შემუშავება და ეს პროცესი მიმდინარეობს მათ შორის, ჩვენი დახმარებითაც. მნიშვნელოვანია, რომ გაგრძელდეს რეფორმების გზა. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ სასამართლო რეფორმა ამ კუთხით არის უაღრესად მნიშვნელოვანი იმისთვის, რომ ბიზნესისთვის, უცხოელი ინვესტორებისთვის შეიქმნას ხელსაყრელი გარემო და იყოს იმის განცდა და გარანტია. რომ სამართლებრივი სისტემა არის სრულიად თავისუფალი პოლიტიკური თუ სხვა რაიმე გარე ჩარევებისგან. შესაბამისად, რეფორმების გაგრძელება, კანონის უზენაესობის განმტკიცება არის ის ძალიან მნიშვნელოვანი ელემენტი, რომელიც ხელს შეუწყობს, რომ საქართველო გახდეს მიმზიდველი საერთაშორისო ვაჭრობისთვის და ინვესტორებისთვის“, - განაცხადა ფილიპ რიკერმა Europe Time-ის შეკითხვის საპასუხოდ.