აშშ-ის, საქართველოსა და სხვა მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების სამხედრო დაგეგმვის სპეციალისტები „მტკიცე სული 2027“-ის (Agile Spirit 2027) დაგეგმვაზე მუშაობენ.
ამერიკული მხარის ცნობით, სწავლების დაგეგმვის ღონისძიება განსაზღვრავს საჭიროებებს. ამასთან, უზრუნველყოფს იმას, რომ თითოეულმა მონაწილე ქვეყანამ თავისი წვლილი შეიტანოს რეალისტური და ეფექტიანი სწავლების ჩატარებაში.
„მტკიცე სული აჩვენებს ჩვენს შესაძლებლობას, სწრაფად გავაერთიანოთ მრავალეროვნული ძალები და ცვალებად გარემოში ერთობლივად ვიმოქმედოთ,“ — ამბობს აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის წვრთნების მხარდაჭერის სპეციალისტი (G37) კევინ სტიბიჩი.
„მტკიცე სული“ ორწლიანი ციკლით გამართული სამხედრო სწავლებაა, რომელიც აშშ-ის ევროპული სარდლობის გეგმის შესაბამისად, აშშ-ის არმიის ევროპისა და აფრიკის სარდლობის ხელმძღვანელობით ტარდება. მისი მიზანია სამხედრო ძალებს შორის ურთიერთთავსებადობის გაუმჯობესება და კოლექტიური თავდაცვის ოპერაციებისთვის მზადყოფნის გაძლიერება. საქართველოში გამართულ სწავლებაში, როგორც წესი, 2 000-დან 3 000-მდე ამერიკელი სამხედრო მოსამსახურე, NATO-ს მოკავშირე და პარტნიორი ქვეყნების წარმომადგენელი მონაწილეობს. სწავლება მოიცავს მანევრირების წვრთნებს, ლოგისტიკური უზრუნველყოფის კოორდინაციასა და მრავალეროვნული ძალების მართვისა და კონტროლის საკითხებს.
წელს პირველად, მრავალეროვნული დაგეგმვის პროცესში გათვალისწინებული იყო ელექტრონული ბრძოლისა და უპილოტო საფრენი სისტემების გამოყენებასთან დაკავშირებული უკუკავშირის მექანიზმი. ეს საშუალებას მისცემს აშშ-სა და მის პარტნიორებს, გააერთიანონ ძალისხმევა, სხვადასხვა საკომუნიკაციო პლატფორმის მეშვეობით ითანამშრომლონ და საუკეთესო პრაქტიკა რეალურ დროში გაუზიარონ ერთმანეთს.
„დაგეგმვის ამ ეტაპზე შესრულებული სამუშაო უზრუნველყოფს, რომ მეთაურებმა მიიღონ რთული, აქტუალური და პრაქტიკული სასწავლო გამოცდილება, რომელიც გაერთიანებული ძალების მზადყოფნას გააუმჯობესებს,“ - აღნიშნა სტიბიჩმა.
როგორც ამერიკის საელჩო აღნიშნავს, მომავალი წლის სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს აშშ-ის 173-ე მობილური საბრიგადო საბრძოლო ჯგუფი (საჰაერო-სადესანტო), რომელიც საველე წვრთნებსა და საბრძოლო სროლებს ჩაატარებს. ეს ღონისძიებები მიზნად ისახავს ტაქტიკური უნარების გაუმჯობესებასა და რეგიონული უსაფრთხოების ოპერაციების მხარდასაჭერად განსაზღვრული პროცედურების პრაქტიკაში შემოწმებას.
ამასთან, 173-ე მობილური საბრიგადო საბრძოლო ჯგუფისა და აშშ-ის არმიის სამხრეთ ევროპის ოპერატიული ჯგუფის — აფრიკის (SETAF-AF) წარმომადგენლებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს ძალების ინტეგრაციის, სწავლების მიზნებისა და ოპერაციების კოორდინაციის საკითხების განხილვაში.
„საწყისი დაგეგმვის კონფერენცია სწავლების მომზადების საფუძველს ქმნის,“ - განაცხადა SETAF-AF-ის სწავლების დაგეგმვის მთავარმა სპეციალისტმა (G7), ნიკოლას როლინგმა. „მრავალეროვნული სამუშაო ჯგუფები ყურადღებას ამახვილებდნენ ოპერაციებზე, ლოგისტიკასა და კომუნიკაციებზე. ეს დაგვეხმარა სასწავლო მიზნების განსაზღვრაში, პასუხისმგებლობების შეთანხმებასა და სწავლების დაწყებამდე დაგეგმვის ძირითადი ეტაპების ჩამოყალიბებაში.“
1994 წლიდან აშშ-ის ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდია და საქართველოს თავდაცვის ძალები აშშ-ის ომის დეპარტამენტის სახელმწიფო პარტნიორობის პროგრამის ფარგლებში თანამშრომლობენ. სამ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში ორივე მხარემ ასობით სამხედრო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა, ერთობლივად ჩაატარა ისეთი სწავლებები, როგორებიცაა „მტკიცე სული“ და „ღირსეული პარტნიორი“, ასევე ერთად გაიარა მომზადება და მონაწილეობა მიიღო ერაყსა და ავღანეთში ჩატარებულ ოპერაციებში.
„ჩვენს ქართველ პარტნიორებთან ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანი და ღირებულია. ის მრავალწლიანი ორმხრივი წვრთნებისა და თანამშრომლობის შედეგად ჩამოყალიბდა. ეს პარტნიორობა სამხედროებს შორის ნამდვილი მეგობრობისა და თანამებრძოლობის არსს გამოხატავს,“ — განაცხადა აშშ-ის არმიის მაიორმა ჯეისონ როიალმა, ჯორჯიის შტატის ეროვნული გვარდიის 78-ე ჯარების სარდლობის სამომავლო ოპერაციების ხელმძღვანელმა.
„მტკიცე სული 2027“, რომელიც საქართველოში 2027 წლის შუა პერიოდში გაიმართება, წარმოაჩენს სწრაფი გადასროლის შესაძლებლობის მქონე მრავალეროვნული ძალების სიძლიერეს და მათ ერთგულებას NATO-ს აღმოსავლეთ ფლანგზე უსაფრთხოებისა და სტაბილურობის განმტკიცების მიმართ.