ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუს ჟურნალისტ ვლადიმერ სოლოვიოვთან ინტერვიუში განაცხადა, რომ „აფხაზეთი მზადაა, ბელორუს-რუსეთის სამოკავშირეო სახელმწიფოს შეუერთდეს“.
ბჟანია ამბობს, რომ „საკავშირო სახელმწიფოს იდეა ახლოსაა აფხაზეთის მოსახლეობასთან“ და ის „შეესაბამება მის ეროვნულ ინტერესებს“. გარდა ამისა, ბჟანიას თქმით, აფხაზეთს სჭირდება „ძლიერი ალიანსი რუსეთის ფედერაციასთან“.
„ცხადია, ერთპოლარული სამყარო დაინგრა. მას შემდეგ, რაც რუსეთის ფედერაცია (ამაში დარწმუნებული ვარ) წარმატებით დაასრულებს სპეცოპერაციას უკრაინის ტერიტორიაზე, სულ სხვა რეალობა იქნება. რუსეთის ხელმძღვანელობისთვის, ხალხისთვის აშკარა იქნება, ვინ არიან ნამდვილი მოკავშირეები, რომლებიც ამ რთულ დროს მართლაც ახლოს იყვნენ და ამ ფაქტებზე დაყრდნობით, როგორც ჩანს, ჩვენ შევქმნით საკავშირო სახელმწიფოს გარკვეულ მონახაზს. ჩვენ ამის იმედი გვაქვს და მზად ვართ მონაწილეობა მივიღოთ“, - განაცხადა მან.
ამასთან, ბჟანიამ დასძინა, რომ აფხაზეთს არ აქვს ოფიციალური კონტაქტები ბელორუსის ხელმძღვანელობასთან. მანამდე ალექსანდრე ლუკაშენკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობის აღიარებას.
მისი თქმით, როგორც კი მიხვდება ამ ნაბიჯის აუცილებლობას და ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ეტყვის, მაშინ შესაძლოა, გადაწყვეტილება მიიღოს.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა მაშინ განაცხადა, რომ კრემლი არ გაუგზავნის „სიგნალებს“ ალექსანდრე ლუკაშენკოს, „სამხრეთ ოსეთისა“ და აფხაზეთის დამოუკიდებლობის, ასევე ანექსირებული ყირიმის რუსეთის რეგიონად აღიარების შესახებ.
აფხაზეთი რუსეთის მიერ არის ოკუპირებული. აგვისტოს ომისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შემდეგ, რუსეთმა აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარა“.