უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინა ყველაფერს აკეთებს, რათა რუსეთის მიერ ხელში ჩაგდებულ ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე კატასტროფა თავიდან აიცილოს.
მისივე თქმით, აშშ-ის პრეზიდენტთან ასევე განიხილა ზაპოროჟიეს ელექტროსადგურზე არსებული ვითარება.
„ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ მსოფლიომ იცოდეს ყველა დეტალი ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე არსებული სიტუაციის შესახებ. კერძოდ, დღეს ამის შესახებ დეტალურად ვესაუბრე ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს.
საჭიროა უკრაინაში ატომური ელექტროსადგურის სათანადო კონტროლი და სასწრაფოდ IAEA-ს (ატომური ენერგიის საერთაშორისო) სააგენტო წვდომის უზრუნველყოფა. ამის გაკეთება ახლა უფრო ადვილია, ვიდრე მოგვიანებით, თუ ქარი დაიწყებს რადიაციული დაბინძურების გავრცელებას მთელ ევროპაში“, - განაცხადა ზელენსკიმ.
მისივე თქმით, დღეს ისტორიაში პირველად გაჩერდა ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგური. ზელენსკის თქმით, ენერგობლოკების გადაუდებელმა დაცვამ იმუშავა - მას შემდეგ, რაც უკრაინის ენერგოსისტემაში ელექტროსადგურის ბოლო სამუშაო ხაზი რუსეთის დაბომბვის შედეგად დაზიანდა.
„ეს და ჩვენი თანამშრომლების რეაგირება რომ არა გათიშვის შემდეგ, მაშინ უკვე იძულებული ვიქნებოდით, რადიაციული ავარიის შედეგების დაძლევაზე გვეფიქრა. რუსეთმა უკრაინა და ყველა ევროპელი, რადიაციულ კატასტროფას მხოლოდ ერთი ნაბიჯით დააშორა.
მინდა დავარწმუნო ყველა უკრაინელი: ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ მძიმე სცენარის თავიდან ასაცილებლად. მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენს სახელმწიფოზე არ არის დამოკიდებული.
მთავარი ის არის, რომ საჭიროა ისეთი საერთაშორისო ზეწოლა, რომელიც ოკუპანტებს აიძულებს, დაუყოვნებლივ გავიდნენ ზაპოროჟიეს ტერიტორიიდან.
IAEA-მ და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებმა უნდა იმოქმედონ ბევრად უფრო სწრაფად, ვიდრე ახლა მოქმედებენ, რადგამ ატომურ ელექტროსადგურზე რუსული ჯარების ყოფნის ყოველი წუთი არის გლობალური რადიაციული კატასტროფის რისკი“, - აღნიშნა ზელენსკიმ.