ილჰამ ალიევი: აზერბაიჯანის არმია ლაჩინში შევიდა

დღეს, 26 აგვისტოს, აზერბაიჯანის არმია შევიდა ქალაქ ლაჩინში, რომელიც 1992 წლიდან არაღიარებული ყარაბაღის რესპუბლიკის კონტროლის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა განაცხადა.

„დღეს, 26 აგვისტოს, ჩვენ, აზერბაიჯანელები, დავბრუნდით ქალაქ ლაჩინში. აზერბაიჯანის არმია დისლოცირებულია ქალაქ ლაჩინში. კონტროლს ექვემდებარება სოფლები ზაბუხი და სუსი. ვულოცავ ამას ყველა ლაჩინელ და აზერბაიჯანელ ხალხს. გაუმარჯოს ლაჩინს! გაუმარჯოს აზერბაიჯანს!“ - დაწერა ალიევმა ტვიტერზე.

მანამდე ბერძორის (ლაჩინი), აღავნოს (ზაბუხის) და ნერკინ სუს (სუს) თემების მცხოვრებლებმა სახლები დატოვეს. გარდა ამისა, ცნობილი გახდა, რომ ლაჩინის დერეფნის ახალი მარშრუტი, რომელიც სომხეთს მთიან ყარაბაღთან დააკავშირებს, მიმდინარე წლის სექტემბრის პირველ კვირაში ამოქმედდება.

ამის შესახებ თვითგამოცხადებული მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკის ტერიტორიული ადმინისტრაციისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ჰაიკ ხანუმიანმა „არსენპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა.

სალეჰ მამედოვმა, აზერბაიჯანის სახელმწიფო საავტომობილო გზების სააგენტოს გამგეობის თავმჯდომარემ განაცხადა, რომ ახალი გზის გამოყენება „შეიძლება მომდევნო კვირაში“.