BBC: რუსეთმა ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს გადასცა

ლაჩინის დერეფანზე კონტროლი აზერბაიჯანს ექნება. BBC წერს, რომ რუსმა სამხედროებმა მთელი რეგიონისთვის საკვანძო მნიშვნელობის ექვსკილომეტრიანი გზა, ლაჩინის დერეფანი, აზერბაიჯანს გადასცეს. ეს გზა სომხეთსა და მთიან ყარაბაღს აკავშირებს.

თავის მხრივ, აზერბაიჯანული მედიის ცნობით, დღეიდან ლაჩინის რაიონის დასახლებები, ზაბუხი და სუსი აზერბაიჯანის კონტროლქვეშ გადადის. მედია აღნიშნავს, რომ ეს იყო ერთადერთი დერეფანი, რომელიც ყარაბაღის მეორე ომის შემდეგ, ყარაბაღსა და სომხეთს აკავშირებდა.


ხსენებულ ფაქტს გამოეხმაურა ანალიტიკოსი ზურაბ ბატიაშვილი და ასკვნის, რომ რუსეთის პოზიციები რეგიონში სუსტდება.

„რა თქმა უნდა, კრემლის სურვილი იყო ეს მდგომარეობა, როდესაც მას მნიშვნელოვანი ბერკეტი ეპყრა ხელთ, კიდევ დიდხანს გაგრძელებულიყო. მაგრამ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აზერბაიჯანულმა მხარემ, მათ შორის ამ მიმართულებით სამხედრო ნაბიჯების გადადგმითაც, შეძლო ამ პროცესის დაჩქარება - დღეს რუსეთს აღარ აქვს იმის რესურსი, რომ აზერბაიჯანს ეჭიდაოს ყარაბაღის გარშემო. ამიტომ, მალევე მოუწია ამ კორიდორის გადაცემაზე დათანხმება.

ამგვარად, აზერბაიჯანმა დაიბრუნა კონტროლი არამხოლოდ ქ. ლაჩინზე, არამედ მთელ კორიდორსა და მიმდებარე სოფლებზე. სამაგიეროდ, თავად ააგო ახალი გზა (რუკაზე აღნიშნულია წითელი ხაზით) რომლითაც ყარაბაღი და სომხეთი დაუკავშირდება ერთმანეთს (ისიც აზერბაიჯანის ტერიტორიაზე გადის).

May be an image of map and text that says 'новая дорога из нагорного карабаха в армению лачинский коридор до 25 августа KM мец щен (каладереси) лачино хин хиншен шен (киров) новая строящаяся дорога азербайджан ахавно (забух) армения Tex корнидзор источник: Eurasianet Google BBc'


შესაბამისად, ძლიერდება აზერბაიჯანის პოზიციები:
- იგი შეძლებს დევნილების დაბრუნებას ლაჩინში;
- გააუმჯობესებს ინფრასტრუქტურას რეგიონში;
- ნაცვალგების პრინციპის გათვალისწინებით უფრო აქტიურად შეძლებს ამ ახალი კორიდორის საკითხის მიბმას ნახიჩევანთან დამაკავშირებელ „ზანგეზურის კორიდორის" გახსნის თემასთან (რაც აზერბაიჯანისთვის ძალიან მნიშვნელოვანია);
- გააკონტროლებს სომხეთიდან ყარაბაღისკენ მიმავალ გაზსადენს.
ასე რომ, რუსეთის პოზიციები სუსტდება რეგიონში და ეს უნდა ყველამ უნდა გავითვალისწინოთ. მას კიდევ ბევრი რამის დათმობა მოუწევს არამხოლოდ ამ რეგიონში, არამედ, გლობალურადაც“, - მიიჩნევს „რონდელის ფონდის„ მკვლევარი ზურაბ ბატიაშვილი.