ჰუბერტ ქნირში: ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას

გერმანიის ელჩი ჰუბერტ ქნირში საქართველოს ვიდეოგზავნილით დაემშვიდობა.

გერმანიის ელჩმა ყველა ქართველს მადლობა გადაუხადა. გერმანელმა დიპლომატმა საქართველოს შიდაპოლიტიკური უთანხმოების დაძლევა, ასევე, ევროკავშირის წევრობისკენ გზის წარმატებით გაგრძელება უსურვა.

„ჩემი ოჯახისა და ჩემთვის ეს განსაკუთრებული დღეებია. 4 წლის შემდეგ სრულდება ჩემი, როგორც საქართველოში გერმანიის ელჩის საქმიანობა. ძალიან მადლიერები ვართ, რომ ამდენი კარგი რამ ვნახეთ და განვიცადეთ. რომ მოგვეცა იმ ადამიანებთან შეხვედრის საშუალება, რომლებიც გვიყვებოდნენ საკუთარ ცხოვრებაზე და სამომავლო გეგმებს გვიზიარებდნენ.

„ვუსურვებთ საქართველოს შემდგომ განვითარებას, პირველ რიგში მშვიდობას და ასევე შიდაპოლიტიკური უთანხმოებების დაძლევას, რომლებიც ტვირთად აწევს ქვეყანას. ვისურვებდი, რომ საქართველომ წარმატებით გააგრძელოს თავისი გზა ევროკავშირის წევრობისკენ, რომ ამ ფუნდამენტურ პარტნიორობას, არავინ მიაყენოს ჩრდილი და ზიანი.

გულითადად მადლობას მოვახსენებთ ყველა ქართველს, ვისაც შევხვედრივართ, ვინც აქ ჩვენი საქმიანობით ინტერესდებოდა და კეთილ სურვილებს არ იშურებდა. ერთი რამ ნათელია – გერმანია და საქართველო მომავალშიც კარგი, მჭიდრო პარტნიორები იქნებიან, ეს ქვეყანა კი მუდამ ჩვენს გულებში დარჩება“, - განაცხადა ელჩმა.

გერმანიის ელჩს საქართველოში, ჰუბერტ ქნირშს პიტერ ფიშერი შეცვლის. შეგახსენებთ, რომ ჰუბერტ ქნირში საქართველოში გერმანიის ელჩად 2018 წლიდან მუშაობდა.