უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა (SBU) 26 აგვისტოს განაცხადა, რომ ჩეჩნეთის ლიდერის რამზან კადიროვისა და მისი ორი ახლო მოკავშირის, დანიილ მარტინოვისა და ჰუსეინ მეჟიდოვის მიერ ჩადენილი „ომის დანაშაულებზე აშკარა მტკიცებულებები“ შეაგროვა.
უკრაინის უსაფრთხოების სამსახური მათ რუსეთის სამხედრო ოპერაციების მართვაში დებს ბრალს, რაც მოიცავდა უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქეების უკანონო დაკავებას, მათ „ადამიანურ ფარად“ გამოყენებას და სხვა დარღვევებს.
დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ 2022 წლის თებერვალ-მარტში კადიროვი პირადად ხელმძღვანელობდა კონკრეტული დანაყოფების ინდივიდუალური სამხედრო ოპერაციების შემუშავებას და დაგეგმვას, გასცემდა ბრძანებებს.
„დანიილ მარტინოვი წარსულში FSB-ის სპეციალური აგენტი იყო. ახლა კი ის პასუხისმგებელია კადიროვის პირადი უსაფრთხოების უზრუნველყოფაზე. ჩეჩნეთის ხელმძღვანელთან დაახლოებული კიდევ ერთი პირის, ჰუსეინ მეჟიდოვის ბრძანებით, 25 თებერვლიდან 13 მარტამდე პერიოდში, გოსტომელის თითქმის ორასი მცხოვრები უკანონოდ აიყვანეს მძევლად და მაღალსართულიანი შენობების სარდაფებში მოათავსეს.
დაშავებულებს შორის არიან ქალები, მოხუცები და მცირეწლოვანი ბავშვები. ის პატიმრები, რომლებმაც ვერ გაუძლეს პატიმრობის არაადამიანურ პირობებს (სინესტე, სიცივე, წყლის, საკვების და წამლების უქონლობა), დაიღუპნენ“, - აცხადებს უკრაინის უშიშროების სამსახური.