აშშ-ის ევროპული სარდლობა: ბრიგადის გენერლის ვიზიტი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მნიშვნელობას უსვამს ხაზს

ექსკლუზივი

Europetime-თან ექსკლუზიურ საუბარში აშშ-ის ევროპული სარდლობა ბრიგადის გენერლის საქართველოში ვიზიტს აფასებს და აცხადებს, რომ აშშ-ის მიერ ედვარდ ვონის მივლინება, საქართველოს მიმართ ამერიკის მუდმივი ერთგულების დემონსტრირებაა. ამასთან, აშშ-ის ევროპული სარდლობა აღნიშნავს, რომ ეს ვიზიტი საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

„აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერლის ედვარდ ვონის ვიზიტი საქართველოს მიმართ ამერიკის შეერთებული შტატების მუდმივ ერთგულებას ადასტურებს და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მნიშვნელობას უსვამს ხაზს.
GDDEI გახლავთ შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევა, რათა აშშ-საქართველოს შორის ძლიერი სამხედრო თანამშრომლობა გაგრძელდეს. ეს თანამშრომლობა თავის მხრივ, წარსულში განხორციელებული პროგრამების წარმატებას ეფუძნება.

მოგეხსენებათ, მდივანმა ოსტინმა საქართველოს თავდაცვის მინისტრ ბურჭულაძესთან ერთად, 2021 წლის ოქტომბერში ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერა ხელი, ხოლო 2022 წლის მაისში მხარეებმა გააფორმეს ორმხრივი კონცეფცია, რომელიც GDDEI თანამშრომლობის სახელმძღვანელო ჩარჩოს ადგენს.

ასევე მოგახსენებთ, რომ GDDEI მოიცავს მუდმივ საკონსულტაციო მხარდაჭერას, რაც საქართველოს საშუალებას მისცემს, შექმნას და გააძლიეროს თავდაცვის ინსტიტუციური შესაძლებლობები.

ამდენად, ეს პროგრამა საქართველოს თავდაცვის ძალების მომზადების დონეს აუმჯობესებს, ასევე, თავდაცვის სამინისტროსა და საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობებსა და ეროვნულ მედეგობას აძლიერებს“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის ევროპული სარდლობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.


შეგახსენებთ, საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით, საქართველოს გასულ კვირას ეწვია აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი.

საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა.

GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს.

ინფორმაციისთვის, შეერთებული შტატების ევროპის სარდლობა (EUCOM) ერთ-ერთია შეერთებული შტატების არმიის თერთმეტი ერთიანი საბრძოლო სარდლობადან, რომლის შტაბ-ბინა გერმანიაში, შტუტგარტში მდებარეობს.

მის ფოკუსშია 51 ქვეყანა. EUCOM-ის მეთაური ერთდროულად მსახურობს როგორც NATO-ს მოკავშირეთა ძალების უმაღლესი მეთაური ევროპაში (SACEUR).