როგორ ხორციელდება თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა: აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი საქართველოს ეწვია

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის (GDDEI) მიმდინარეობის შუალედური შეფასების მიზნით, საქართველოს ეწვია აშშ-ის ევროპული სარდლობის ბრიგადის გენერალი ედვარდ ვონი.

თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, მხარეებმა საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობა დადებითად შეაფასეს და შეკავების, წინააღმდეგობისა და მედეგობის გაძლიერების კუთხით გადადგმული ნაბიჯები განიხილეს.

„შეხვედრის მიმდინარეობისას ვიდეოკონფერენციის საშუალებით აშშ-ის თავდაცვის მდივნის თანაშემწის მოადგილე რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში ლორა კუპერი ჩაერთო. მან თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის მიმდინარეობას დადებითი შეფასება მისცა და მის იმპლემენტაციაში მონაწილე მხარეებს წარმატება უსურვა.

აღინიშნა, რომ აშშ-საქართველოს შორის თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების შესახებ გაფორმებული ინიციატივა, რომელიც ქვეყნის მედეგობას განამტკიცებს, სტრატეგიული პარტნიორობის ახალ საფეხურად და მომავალი ათწლიანი დინამიური თანამშრომლობის საფუძვლად განიხილება.

საუბარი შეეხო ასევე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების მძიმე გარემოსა და მზარდ საფრთხეებს, საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობების გაძლიერების კონკრეტულ ნაბიჯებს, აშშ-საქართველოს მრავალეროვნულ სწავლებებს, ამ პროცესში აშშ-ის ევროპული სარდლობის მნიშვნელოვან კონტრიბუციასა და მხარდაჭერას“, - აღნიშნავს თავდაცვის უწყება.

თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრას აშშ-ის თავდაცვის ატაშე, პოლკოვნიკი ჯოსებ ბილბო, დელეგაციის წარმომადგენლები და საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის ძალისხმევის ხაზების ხელმძღვანელები დაესწრნენ.

May be an image of 8 people and people standing

თავდაცვის სამინისტროში გამართულ გაფართოებულ შეხვედრას თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი ხელმძღვანელობდა. საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივის პროგრესის მიმოხილვის შეხვედრას თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილე, ბრიგადის გენერალი ირაკლი ჭიჭინაძე დაესწრო. შეხვედრაზე ამერიკული მხარე წარმოდგენილი იყო აშშ-ის ევროპული სარდლობის, პენტაგონის და საქართველოში აშშ-ის წარმომადგენლებით.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა Europetime-თან ისაუბრა საქართველოსა და აშშ-ის შორის მიმდინარე კონსულტაციების შესახებ, რომელიც თავდაცვის სფეროში თანამშრომლობას გულისხმობს. 

საქართველო აშშ-სა და NATO-ს ძალიან ღირებული პარტნიორია. შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს მისწრაფებებს NATO-ში და მუშაობს NATO-ს მოკავშირეებთან, რათა მხარი დაუჭიროს მის უსაფრთხოებასა და თავდაცვის მოდერნიზაციის მცდელობებს. 20 მაისს, შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები გამართა.

 

საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა (GDDEI), შეერთებული შტატებისა და საქართველოს ოფიციალური ორმხრივი ძალისხმევაა, რათა ქვეყნებს შორის ძლიერი სამხედრო ურთიერთთანამშრომლობა გაგრძელდეს. მოგეხსენებათ, ეს ინიციტივა საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამის (GDRP) წარმატებას ეფუძნება.

 

DDEI GDRP-ის ფარგლებში მიღწეულ პროგრესს ეფუძნება,  რომელიც თავის მხრივ მოიცავს შეკავებისა და ტერიტორიული თავდაცვის შესაძლებლობების გაძლიერებას, NATO-სთან თავსებადობის ხელშეწყობას, ინსტიტუციურ რეფორმებსა და მოდერნიზაციას ორგანიზაციული ცვლილებების მართვის გზით“, - განუცხადა Europetime-ს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

20 მაისს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის თავდაცვის სფეროში ორმხრივი კონსულტაციები (BDC) მიმდინარეობს. ამ მიზნით კი მაშინ საქართველოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვია.

ცნობისთვის, საქართველოს თავდაცვის მზადყოფნის პროგრამა (GDRP) გასული წლის ბოლოს დასრულდა. ეს პროგრამა ჩაანაცვლა „საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივამ“ (GDDEI), რომელიც საქართველოს თავდაცვის ძალებთან აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის უსაფრთხოების თანამშრომლობის მრავალწლიანი ინვესტიციაა. GDDEI-ს დაწყების შესახებ აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ლოიდ ოსტინმა და საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წლის ოქტომბერში გამოაცხადეს.

უფრომ მეტი GDDEI-ს შესახებ

„საქართველოს თავდაცვისა და შეკავების გაძლიერების ინიციატივა“ (GDDEI) არის უსაფრთხოების სფეროში ამერიკასა და საქართველოს შორის ორმხრივი თანამშრომლობის ინიციატივა, რომლის მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და თავდაცვის ძალების შემდგომ მოდერნიზაციასა და განვითარებას საერთო უსაფრთხოების ინტერესების მხარდასაჭერად.