გენშტაბი: უკრაინელმა სამხედროებმა მტრის თავდასხმები სამი მიმართულებით მოიგერიეს

სლოვიანსკის, ბახმუტისა და ავდიევკას მიმართულებით უკრაინელმა დამცველებმა რუსი დამპყრობლების წინსვლა შეაჩერეს და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი აცხადებს.

მისივე თანახმად, მნიშვნელოვანი ცვლილებები არ მომხდარა ვოლინის, პოლისიისა და სივერსკის მიმართულებებით.

გენშტაბის მონაცემებით, „მტერი ცდილობდა შეტევის განხორციელებას ვერშინას, კოდემის, სემიჰირიასა და ზაიცევის მიმართულებით, თუმცა უკრაინელმა დამცველებმა შეაჩერეს შეტევა და უკუაგდეს დამპყრობლები“.

„ავდიევკის მიმართულებით მტერმა დაბომბა ნეველსკეს, ვოდიანეს, ორლივკას, ნოვო-ოლექსანდრივკას, ვესელეს, კრასნოჰორივკას, მარიინკასა და პერვომაისკეს ტერიტორიები. საჰაერო თავდასხმები განხორციელდა ვალენტინივკასა და ვოდიანეს მახლობლად. მტრის შეტევა ლოზოვეს მიმართულებით უკრაინის დამცველებმა მოგერიეს და შედეგად, რუსეთის ძალებმა უკან დაიხიეს. ნოვოპავლივკას მიმართულებით, მტერმა განაგრძო სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის დაბომბვა ტანკებისა და არტილერიის გამოყენებით პავლივკას, ვუჰლედარის, ვოლოდიმირივკას, ბოჰოიავლენკას, ნოვოკრაინკასა და ნოვომიხაილივკას სიახლოვეს.

შავი ზღვისა და აზოვის წყლებში სიტუაციას მნიშვნელოვანი ცვლილებები არ განუცდია. მტრის მიერ უკრაინის ტერიტორიის სიღრმეში ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე „კალიბრის“ ტიპის საზღვაო საკრუიზო რაკეტების გასროლის საფრთხე რჩება.  როგორც ცნობილია, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 24 თებერვლიდან 27 აგვისტოს ჩათვლით გაანადგურეს 46 500 რუსი ჯარისკაცი“, - იუწყება გენშტაბი.