ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრს კორონავირუსი დაუდასტურდა

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ დაურ კოვეს კორონავირუსული ინფექცია აქვს. ამის შესახებ მან Facebook-ზე დაწერა.

როგორც მან აღნიშნა, ტესტირების დადებითი პასუხი მიიღო, თავს ნორმალურად გრძნობს და თვითიზოლაციაშია.

დეკემბრის ბოლოს კორონავირუსი დაუდასტურდა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას და დე ფაქტო პრემიერ-მინისტრ ალექსანდრ ანქვაბს. ბჟანიას ჰოსპიტალიზაცია არ დასჭირდა, ანქვაბი კი ჯერ გუდაუთის საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო შემდეგ მოსკოვის ერთ-ერთ კლინიკაში.

აფხაზეთში აპრილიდან აღრიცხული აქვთ კორონავირუსის 9961 შემთხვევა, მათგან 7506 გამოჯანმრთელების. COVID-19-ით გარდაცვლილია 142 ადამიანი.

დაუზუსტებელი მონაცემებით, საქართველოს ამ ოკუპირებულ რეგიონში ცხოვრობს დაახლოებით 240 ათასი ადამიანი.