უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთს დაახლოებით 90 000 ჯარისკაცის მობილიზება სურს

უკრაინის დაზვერვის ცნობით, რუსეთს დაახლოებით 90 000 ჯარისკაცის მობილიზება სურს. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის სამმართველოს სპიკერმა ვადიმ სკიბიცკიმ განაცხადა, რომ რუსი სამხედროები რეკრუტირებას ახდენენ ქვეყნის თითოეულ სამხედრო ოლქში დანაკარგების ასანაზღაურებლად, თუმცა აწყდებიან მნიშვნელოვან პრობლემებს იქედან გამომდინარე, რომ სულ უფრო ნაკლებია განმცხადებელთა რაოდენობა.

ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ კვირას განაცხადა, რომ ჯერ არ არის ნათელი, თუ როგორ მიაღწევს რუსეთს შეიარაღებული ძალები გაცხადებულ დიდ ზრდას, თუმცა ნაკლებად სავარაუდოა, რომ რუსეთმა არსებითად გაზარდოს მისი საბრძოლო ძალა უკრაინაში.

მისივე თანახმად, ჯერ გაურკვეველია, როგორ აპირებს რუსეთი სამხედრო ძალის გაზრდას - მეტი მოხალისის გადაბირებით თუ გაწვევის გაზრდით.

„თუმცა ნებისმიერ შემთხვევაში, რუსეთის გადაწყვეტილება დიდ გავლენას არ მოახდენს უკრაინის ომზე, იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთმა ათიათასობით ჯარისკაცი დაკარგა. ჰყავს ძალიან ცოტა ახალი საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე და წვევამდელები ტექნიკურად არ არიან ვალდებულნი, იმსახურონ რუსეთის ტერიტორიის გარეთ", - ნათქვამია დაზვერვის ცნობებში.

გასულ კვირას რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას, რომლის თანახმად, რუსეთის შეიარაღებული ძალების რაოდენობა 1,9 მილიონიდან 2,04 მილიონამდე გაიზარდა.