დიდი ბრიტანეთის დაზვერვა: ხერსონის რეგიონში რუსეთს დიდი ალბათობით, არასაკმარისი ქვედანაყოფები ჰყავს

ბრიტანეთის დაზვერვის შეფასებით, ხერსონის რეგიონში რუსეთის ქვედანაყოფების უმეტესობა დიდი ალბათობით, არასაკმარისია და სუსტი მომარაგების ხაზებს ეყრდნობა. მისივე განმარტებით, SMD და EMD დანაყოფების ინტეგრაცია უკრაინაში რუსეთის ძალების მნიშვნელოვან რეორგანიზაციას ადასტურებს.

„არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ რუსეთმა გადაინაცვლა რამდენიმე, ნახევრად დამოუკიდებელი, ოპერატიული სარდლობის რაციონალიზაციაზე, რამაც ხელი შეუწყო მის ცუდ ტაქტიკას შეჭრის დასაწყისში“, - ნათქვამია მოხსენებაში.

ამასთან, აღნიშნულია, რომ თუ უკრაინა ხერსონის მიმართულებით მდგრადი შეტევითი ოპერაციების განხორციელებას მოახერხებს, ხსენებული სტრუქტურის ერთიანობა, სავარაუდოდ, საკვანძო ფაქტორი იქნება სამხრეთში რუსეთის თავდაცვის მდგრადობისთვის.

ომის შესწავლის ინსტიტუტის თანახმად, რუსმა სამხედროებმა სცადეს შეზღუდული თავდასხმა დონეცკის ქალაქ სივერსკის, სლოვიანსკის, ბახმუტისა და ჩრდილო-დასავლეთ ხერსონის ოლქის გარშემო, მაგრამ წინსვლა ვერ მოახერხეს.

ამერიკულმა ანალიტიკურმა ცენტრმა განაცხადა, რომ რუსეთი აგრძელებს ფარული მობილიზაციის მცდელობებს, რადგან ის იბრძვის საჭირო ცოცხალი ძალის მობილიზებისთვის.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება.  

„ოპერაცია ღამით, ფრონტის ხაზზე რუსეთის არმიის პოზიციებიდან და ზურგიდან მასირებული სროლებით დაიწყო“, - განუცხადა წყარომ CNN-ს. მედია ინფორმაციის წყაროს ვინაობას, მისი უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ ასახელებს. 

„შეტევა ძირითადად პრავდინოს მიმართულებით განხორციელდა. გათავისუფლებულია ნოვაია დმიტროვკა, არხანგელსკოე, ტომინა ბალკა და პრავდინო. მედიას წყარომ აცნობა, რომ განადგურებილია ოკუპანტების საბრძოლო ტექნიკა, ასევე ბევრი რუსი სამხედრო ლიკვიდირებულია და ტყვედ ჩავარდა. ვნახოთ, როგორ განვითარდება შეტევა. მიზანში ხერსონია“, - აღნიშნავს წყარო.