მიხაილო პოდოლიაკი: რუსეთთან „მოლაპარაკებები“ ფრონტის ხაზზე, სამხრეთის მიმართულებით კარგად მიმდინარეობს

რუსეთთან მოლაპარაკების ერთადერთ შესაძლო ვარიანტს „უკრაინის სპეციალური დელეგაცია სამხრეთით და ფრონტის ხაზის სხვა მიმართულებებზე განიხილავს“, - ამის შესახებ უკრაინული მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა.

„მოლაპარაკებები" კარგად მიმდინარეობს, ჩვენ ველით ახალ „კომპრომისებს“ „კეთილი ჟესტების“ სახით“, - განაცხადა პოდოლიაკმა.

ორშაბათს უკრაინულმა მედიამ უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის სამხრეთით შეტევის დაწყების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია.

შეგახსენებთ, უკრაინის არმიამ ხერსონის ოლქში 4 დასახლებულ პუნქტზე აღადგინა კონტროლი, ამის შესახებ CNN იუწყება. 

ამის შემდეგ, გვიან ღამით, ვიდეომიმართვისას უკრაინის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ტერიტორიებს უბრუნებს და დროა, რუსი სამხედროები გაიქცნენ.