შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, სოფო გორგოძის განცხადებით, ბოლო ორ-სამ წელიწადთან შედარებით, წელს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის გაგრძელების უფლება ყველაზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
„სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 550-მდე გამოსაცდელმა, რომელთაგან 100%-იანი გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა. სად გააგრძელებენ სწავლას და რა რაოდენობის გრანტი მიიღეს, ინფორმაცია ამის შესახებ დღეს 12:00 საათზე online.naec.ge-ზე გამოქვეყნდა. სულ სახელმწიფოს აბიტურიენტებისთვის დაფინანსების მიზნით გამოყოფილი აქვს 12 მილიონზე მეტი. წელს საკმაოდ დიდი რაოდენობა იყო აბიტურიენტების, 41 000-ზე მეტი, შესაბამისად, ჩარიცხულებიც გვყავს ყველაზე დიდი რაოდენობის ბოლო 2-3 წელიწადში.
როგორც წესი, 28-29 000 იყო ხოლმე ჩარიცხული, წელს გვყავს 32 100-ზე მეტი ჩარიცხული. ვულოცავ თითოეულ მათგანს და წარმატებებს ვუსურვებ. გრანტთან დაკავშირებით რადიკალური ცვლილება არ არის. 8 000 არის ისეთი, რომელიც გამოეთიშა კონკურსს, მათ შორის არიან ისეთებიც, რომლებსაც ზღვარი გადალახული ჰქონდათ ყველა საგანში, თუმცა იმის გამო, რომ არ აირჩიეს საკმარისი რაოდენობის პროგრამები, ან აირჩიეს ისეთი პროგრამები, სადაც ძალიან მაღალი კონკურსი იყო, გამოეთიშნენ კონკურსს“, – განაცხადა სოფო გორგოძემ.