ეკატერინე ტიკარაძე: საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა Pfizer-ის ვაქცინით გახდება შესაძლებელი

„საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით გახდება შესაძლებელი“ - ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ საქართველოში აშშ-ის ელჩთან შეხვედრისას განაცხადა. ინფრომაციას დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო ავრცელებს.

მინისტრსა და ელჩს შორის, საუბარი შეეხო COVID-19-ის პანდემიის წინააღმდეგ ბრძოლასა და ვაქცინაციის საკითხს.

„ელჩთან მნიშვნელოვანი შეხვედრა გაიმართა. ვისაუბრეთ პანდემიის წინააღმდეგ გადადგმულ ნაბიჯებზე, ეპიდვითარებასა და ტესტირებაზე. შეხვედრის მთავარი თემა ვაქცინა იყო. ჩვენ კოვაქს პლატფორმასთან აქტიურად ვთანამშრომლობთ და გვაქვს გარკვეული წინსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველოში უახლოეს მომავალში მოსახლეობის აცრა „ფაიზერის“ ვაქცინით იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია ესწრებოდა.