უკრაინის პრეზიდენტი „ბირთვული შანტაჟის გამო“, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალი პაკეტის მიღებას ითხოვს.
უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა და მისი პოტენციალი, გააგრძელოს აგრესია, მთლიანად უნდა განადგურდეს. ამიტომ, სანქციების ახალი პაკეტია საჭირო მათი ბირთვული შანტაჟის საპასუხოდ, კერძოდ, Rosatom-ის (ბირთვული ოპერატორის - რედ.) წინააღმდეგ. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მსოფლიოს ნებისმიერმა აგრესორმა ძალამ უნდა გააცნობიეროს, რა სანქციები დაწესდება მათ მიმართ და რა ფასის გადახდა მოუწევს ომის გაჩაღების შემთხვევაში.
უკრაინის პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა აგრესორული ძალის საბანკო სისტემის სრულად დაბლოკვის აუცილებლობას, რადგან მისი ბანკები კვლავ მოქმედებენ საერთაშორისო საბანკო სისტემაში. ასევე, ზელენსკის თქმით, უნდა დაწესდეს ემბარგო რუსულ ნავთობსა და გაზზე, რათა „რუსეთმა დაკარგოს მოგების მიღების შესაძლებლობა“.
ამასთან, ზელენსკის თქმით, ევროკავშირმა უნდა აკრძალოს ყველა რუსული სახელმწიფო „პროპაგანდისტი“ მედიასაშუალება.
„არცერთი რუსული პროპაგანდისტი არ უნდა დარჩეს ევროკავშირის ტერიტორიაზე. არცერთ რუსულ სახელმწიფო ტელეარხს არ უნდა მიეცეს უფლება, გააგრძელოს მუშაობა ევროკავშირის ტერიტორიაზე", - განაცხადა ზელენსკიმ.