სემეკ-ის გადაწყვეტილებით, რუსთავის წყალმომარაგების კომპანია 50 000 ლარით დაჯარიმდა.
„სემეკ-მა მიიღო გადაწყვეტილება კომპანიის დაჯარიმების შესახებ. ამავდროულად, დაევალა კომპანიას, რომ 19 სექტემბრამდე წარმოადგინოს კონკრეტული გეგმა იმ აუცილებელი საინვესტიციო პროექტების შესახებ, რომელმაც უნდა გააუმჯობესოს ქალაქ რუსთავში წყალმომარაგება, უნდა შეამციროს ავარიები და სისტემა გახადოს ქმედითი.
ამით არ სრულდება რუსთავის წყალმომარაგების სისტემაში პრობლემების მოწესრიგება. დაახლოებით 8,5 მლნ ლარია ინვესტიციის ის მოცულობა, რომელიც მინიმუმ უნდა დაიხარჯოს 2023 წლის ბოლომდე ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ჩვენი გადაწყვეტილების საფუძველზე ასევე გაიცა რეკომენდაცია, რომ მოხდეს თბილისისა და რუსთავის წყლების შერწყმა, რომლითაც კომპანიის ეფექტიანობა გაიზრდება. ამის კარგი მაგალითია, როდესაც მცხეთის და თბილისის წყლის შერწყმა მოხდა“, – განაცხადა დავით ნარმანიამ.