ელექტრომობილების შეძენის მსურველებს, რომელთაც, გადაწყვეტილების მისაღებად, დასავლეთ საქართველოში მგზავრობისას, ელექტროდამტენების არარსებობა აფერხებთ, ეს პრობლემა აღარ ექნებათ. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ელექტრომობილების დამტენები დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზეც დამონტაჟდება.
როგორც მერმა განმარტა, თბილისი-ბათუმის მიმართულებაზე ერთი სადგური მოეწყობა, სადაც 10 დამტენი მოწყობილობა იქნება დამონტაჟებული. ერთი სადგური იქნება ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი ელექტრომობილებისთვისაც. ამ შემთხვევაშიც, სადგურზე 10 დამტენი იმუშავებს.
„ზოგიერთი ადამიანი ფიქრობს, შეიძინოს თუ არა ელექტრომობილი, როდესაც დასავლეთ საქართველოში წასვლა უნდა. არ არსებობს ინფრასტრუქტურა, რომ მგზავრობისას ავტომობილი დაიტენოს. ამიტომ, ჩვენ, ბიზნესთან მუშაობით, ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მივიღეთ, რომელიც ჩვენს ქვეყანასა და დედაქალაქში, ელექტრომობილების შემოდინებას კიდევ უფრო შეუწყობს ხელს და წაახალისებს. თბილისის მუნიციპალიტეტი, კერძო სექტორთან ერთად, ახორციელებს დამატებით 50 ელექტროდამტენის მონტაჟის პროექტს. აქედან 30 დამტენი დამონტაჟდება დედაქალაქის სხვადასხვა მისამართზე, სხვადასხვა უბანში, ხოლო 20 დამტენი მოეწყობა დასავლეთის მიმართულებით, ჩქაროსნულ ავტომაგისტრალზე“, - განაცხადა კახა კალაძემ.