სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს

მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე სოსო გოგაშვილი სასამართლო პროცესებზე დასწრებაზე უარს აცხადებს. ამის შესახებ გოგაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი გელაშვილს მიმართავს.

„მე ვარ უკანონოდ დაკავებული ბიძინა ივანიშვილის მითითებების გამო. ჩემი საქმე მთლიანად აგებულია ყალბ და ფალსიფიცირებულ „მტკიცებულებებზე“, რომელიც 16 ივლისის ღამეს შემოიტანეს და ჩადეს ჩემს საცხოვრებელ სახლში, ქ.თბილისი, ავთო ვარაზის 91-ში. ჩემი დაკავებაც განხორციელდა უკანონოდ და ძალადობრივად, ასევე იძალადეს ჩემი ოჯახის წევრებზეც. სასამართლომ არ გაითვალისწინა არცერთი ჩვენს მიერ მოყვანილი ფაქტი და აღკვეთიც კი არ შეცვალა. მე არ ვაპირებ მივიღო მონაწილეობა ამ დადგმულ „მასკარადში“, რომელიც წოდებულია, როგორც სასამართლო, ხოლო იმართება და ხელმძღვანელობს ივანიშვილის დირექტივების მიხედვით. ამაზე მე მაქვს საკმაოზე მეტი მტკიცებულებები, რასაც უახლოეს დღეებში გავასაჯაროვებ.

ასევე ჩემი გადაადგილება რუსთავის ციხიდან სასამართლომდე შეიცავს სიცოცხლისთვის და უსაფრთხოებისთვის დიდ რისკებს, აქედან გამომდინარე უარს ვაცხადებ დავესწრო სასამართლო პროცესებს. უკანონო პატიმარი, იოსებ გოგაშვილი 1.09.2022 წ.“,- აღნიშნულია გოგაშვილის განცხადებაში.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან.


 ასევე წაიკითხეთ: