სოსო გოგაშვილი: მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან

მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისაგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება მოხდება, - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი მაღალჩინოსანი სოსო გოგაშვილი, რომელიც ახლა პატიმრობაშია, მუქარაზე საუბრობს.

მისი სახელით "ფეისბუკზე" ახალი მიმართვა ვრცელდება, რომელშიც გაჟღერებულია ბრალდება მმართველი პარტიის მიმართ და თხოვნა ნათესავებთან, დაიცვან მისი ოჯახი.

„კეთილი ფილანტროპი არა…? მე-12 დაწესებულებაში მივიღე მუქარა ბიძინა ივანიშვილისგან, რომ თუ არ გავჩერდებოდი და სასურველ ჩვენებას არ მივცემდი, მოხდება ჩემი და ჩემი ოჯახის განადგურება. შეიძლება გავიგო, რომ ჩემი ოჯახი CO-თი გაიგუდა, ხანძარს ემსხვერპლა ან ავტოსაგზაო შემთხვევას. უკეთეს შემთხვევაში მოხდება ჩემი ოჯახის წევრებისა და ახლო გარემოცვისათვის ჩადება და მათი დაჭერა, ოცნების ზონდერ მედიების შემოსევა. ჩემი ოჯახისა და ახლობლების წინააღმდეგ განხორციელებულ უკანონობებზე პასუხისმგებლობას ვაკისრებ ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახს. მე ჩემს ოჯახთან ერთად გავაგრძელებ ბრძოლას სამართლიანობისთვის და გავაგრძელებ მხილების კამპანიას.

მივმართავ თხოვნით სახალხო დამცველს, პოლიტიკოსებს განურჩევლად მათი პოზიციისა, არასამთავრობოებს, უფლებადამცველებს, დიპლომატიურ კორპუსსა და მედიას - დაიცვან ჩემი უდანაშაულო ოჯახი.

ასევე მივმართავ ჩემს ნათესავებს, მეგობრებსა და მათ, ვისაც ჩემგან სიკეთე ახსოვს - დაიცავით ფიზიკურად ჩემი უდანაშაულო ოჯახი“,- წერს გოგაშვილი.


 ასევე წაიკითხეთ: