ირაკლი კობახიძე ახალი ომბუდსმენის შერჩევაზე: ოპოზიციას უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ, თუმცა აქაც მოახერხეს საბაბის მოფიქრება

"ჩვენ ოპოზიციას და არასამთავრობო ორგანიზაციებს რეალურად უპრეცედენტო წესი შევთავაზეთ. ეს არის უპრეცედენტო შეთავაზება და ბუნებრივია, აქ საბაბიც კი არ არის კრიტიკისთვის, თუმცა აქაც მოახერხეს ასეთი საბაბის მოფიქრება", - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა, რითაც სახალხო დამცველის შერჩევის საკითხს გამოეხმაურა.

კობახიძის განმარტებით, აღნიშნული პროცესი აბსოლუტურად ღია იქნება.

„თავიდან ბოლომდე გახსნილი ვართ ამ დისკუსიისთვის, არანაირი ინტერესი არ გვაქვს, რომ იქ ვინმე ისეთი პირი მოხვდეს, ვისთანაც ჩვენ შედარებით განსხვავებული, უკეთესი ურთიერთობა გვაქვს, ვიდრე სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლებთან. აბსოლუტურად ღია იქნება ეს პროცესი, თავად შეუძლიათ დაასახელონ, არის „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ პლატფორმა, თავად შეუძლიათ დაასახელონ კანდიდატები ამ ჯგუფისთვის, საერთოდ არ ჩავერევით ჩვენ ამ ჯგუფის ჩამოყალიბებაში, თავიდან ბოლომდე თვითონ შეუძლიათ დააკომპლექტონ ეს ჯგუფი არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილში. რაც შეეხება დასახელებას, მარტივად ვთავაზობთ მათ, რომ ჩვენ არც ერთ კანდიდატს არ დავასახელებთ, დაასახელონ მათ ის კანდიდატები, რომლებიც მათთვის არიან მისაღები, ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ ჩავერთვებით პროცესში.

დამსახელებელი სუბიექტები არიან ფრაქციები, პოლიტიკური ჯგუფები და უფრაქციო დეპუტატების 7-კაციანი ჯგუფი. ნებისმიერი მათგანი შეიძლება იყოს ჩართული ამ პროცესში, თუ იქნება მათი სურვილი. რა თქმა უნდა, ჩვენთვის სასურველია, ყველა ფრაქცია, პოლიტიკური ჯგუფი და 7-კაციანი დეპუტატების ჯგუფი იყოს ჩართული ამ პროცესში, აქედან გამომდინარე, ბოლომდე გახსნილი იქნება ეს პროცესი“, - განაცხადა კობახიძემ.

შეგახსენებთ, რომ ნინო ლომჯარიას 2022 წლის დეკემბერში  სახალხო დამცველის თანამდებობაზე მუშაობის უფლებამოსილების ვადა ეწურება.