დანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა იეპე კოფოდმა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დიმიტრო კულებასთა ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ დანია უკრაინის გვერდით იქნება, ვიდრე ქვეყანა გამარჯვებას არ მიაღწევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მისი ქვეყანა რუსეთის მიერ ჩადენილი ომის დანაშაულების გამოძიებას და დოკუმენტირებას განაგრძობს.
„ჩვენ ვხედავთ, როგორ იცავთ თქვენს ქვეყანას და როგორ ჩაშალეთ რუსეთის გეგმები. შემდეგი ეტაპი ორიენტირებული იქნება იმაზე, რომ რუსეთმა საბოლოო მარცხი განიცადის და უკრაინა გამარჯვებული გამოვიდეს. ამიტომ ჩვენ გავაგრძელებთ მნიშვნელოვანი სამხედრო აღჭურვილობის მიწოდებას და ჯარისკაცების მომზადებას“,- განაცხადა კოფოდმა.
„პუტინი და რუსეთის ფედერაცია ამ ომს ვერ მოიგებენ. ის პატარა კაცია როგორც პირდაპირი, ისე გადატანითი მნიშვნელობით“, - აღნიშნა იეპე კოფოდმა.
როგორც ცნობილია, დანიის საგარეო საქმეთა მინისტრი კიევში ხუთშაბათს, პირველ სექტემბერს ჩავიდა.