რატომ არ წარადგინა მესამედ ცესკოს თავმჯდომარის პოსტზე კვლავ გიორგი კალანდარიშვილის კანდიდატურა, ეს საკითხი საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განმარტა.
პრეზიდენტი ევროკავშირის მოთხოვნებზეც მიუთითებს.
„არანაირი პერსონალური რამე შეფასება არ მაქვს ადამიანებზე, მაქვს პროფესიონალური შეფასება და ეს შეფასება სხვათა შორის ცესკოს თავმჯდომარეზე იყო და არის ძალიან პოზიტიური, მისი პროფესიონალიზმის.
ეს საჯაროდაც ვთქვი, ამას დაეთანხმნენ ჩვენი უცხოელი დამკვირვებლებიც, რომ არჩევნები, რაც მან ჩაატარა, იყო სრულყოფილად ჩატარებული და მან ამ კუთხით სრულიად შეასრულა თავის ვალდებულება.
ამდენად, მე ეს ადამიანი წარვადგინე ცესკოს თავმჯდომარის ადგილზე და ამით 6 თვით გაგრძელდა ვადა. რადგანაც ვერ მიიღო ორი მესამედი ხმებისა, ჩემი გადაწყვეტილება იყო, რომ მესამედ არ წარმედგინა და წარმედგინა ის კანდიდატები, რომლებიც იყვნენ კომისიის მიერ კონკურსის ფორმით შერჩეული.
ისინი წარმედგინა როგორც ახალი კანდიდატები იმ იმედით, რომ რომელიმე მოაგროვებს ორ მესამედს ხმების, რაც არის მოთხოვნა, მოთხოვნა სწორედ ევროკავშირის, ძალიან მნიშვნელოვან თანამდებობებზე, ეს ეხება საარჩევნო გარემოს.
რას გვთხოვს ევროკავშირი? რომ მაქსიმალურად ეცადეთ, მონახოთ კანდიდატები, რომლებიც იქნებიან მაღალი ლეგიტიმაციის მქონე და რაღაც ფორმით კონსენსუსის მატარებელი. დეპოლარიზაცია სწორედ ეს არის“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, სახალხო დამცველის კანდიდატიც კონსენსუსის გზით უნდა შეირჩეს.
„ეს ეხება ცესკოს თავმჯდომარეს, მაგრამ ასევე ეხება სხვა თანამდებობებს, მაგალითად სახალხო დამცველს. მე არ მაქვს არანაირი როლი სახალხო დამცველის შერჩევის პროცესში, მაგრამ აქაც შემიძლია ვთქვა, რომ ევროპის სულისკვეთებას და მისი მოთხოვნების სულისკვეთებას თუ მივყვებით, თუ ეს გვაინტერესებს და სერიოზულად ვუდგებით ამ საკითხებს, უთუოდ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჩვენ გვთხოვენ მეტ სოლიდარობას, მეტ კონსენსუსს, მეტ ერთად შერჩევას იმ ადამიანების, რომლებიც შეიძლება დაინიშნონ ამ ძალიან საპასუხისმგებლო ადგილებზე.
ეს იყო და მხოლოდ ეს, არანაირი პოლიტიკური ხედვა, არც რამე პერსონალური, რამაც განაპირობა, რომ კომისიის შერჩეული კანდიდატები წარვადგინე ამჯერად და არა მესამეჯერ არსებული თავმჯდომარე“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.