გუნდისთვის კონსულტაციების მიცემას აღარ ვაპირებ, - ამის შესახებ საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელთან ინტერვიუში ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
„მე აღარ ვაპირებ კონსულტაციების მიცემას გუნდისთვის. მე საჯაროობას ვწყვეტ და ალბათ, ეს ბოლო ინტერვიუ იქნება. რაც შემეძლო, გავაკეთე და ახლა რაღატომ მოვდივარ? ესე იგი, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე. თუ სწორად ვერ გავაკეთე, უკან რაღატო გავიქაჩო, ხომ? მარტივი თემაა. ერთადერთი, რაც ვთხოვე გუნდს, არ უნდა მოერიდონ ერთმანეთის ოპონირებას. ყველაფერი ნახა ჩვენმა საზოგადოებამ, მას აქვს არჩევის საშუალება და მან ისწავლა არჩევა, ისწავლა კონტროლიც. უახლოეს ოთხ-ხუთ წელიწადში „ქართულ ოცნებას“ არაფერი მოუვა. უკაცრავად და ქარაქუცა პარტიები აღარ ჩაანაცვლებს „ქართულ ოცნებას“. უფრო ნიჭიერი ხალხით დაკომპლექტებული ახალი ძალა გაჩნდება. მოვესწრები იმას, რომ ჯანსაღი ძალით ჩანაცვლდეს „ქართული ოცნება“. 2024-ში ჩვენ განაცხადს შევიტანთ ევროკავშირის წევრობაზე. ყველაზე განვითარებული და საინტერესო დემოკრატიული ქვეყნების ოჯახში მივიდეთ, სადაც ჩვენი ადგილია“, - განაცხადა ივანიშვილმა.
ბიძინა ივანიშვილმა პოლიტიკიდან წასვლის შესახებ განცხადება გუშინ გაავრცელა.