საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ახლა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი მომენტია გამომდინარე იქედან, რომ ერთ კვირაში ასოცირების საბჭოს სხდომა უნდა გაიმართოს, რაც სალომე ზურაბიშვილის აზრით, პირველი მნიშვნელოვანი შეხვედრა იქნება ზაფხულის შემდეგ, ევროკომისიის მიერ წარდგენილი რეკომენდაციების შემდეგ.
ზურაბიშვილმა ისევ გაიმეორა, რომ მისთვის უცნაურია, რომ ამ დრომდე არავინ ჩასულა ხელისუფლებიდან ბრიუსელში.
საქართველოს პრეზიდენტმა ჩამოთვალა სამი ნაბიჯი, რომელიც მისი აზრით, პრემიერმა „ჩვენ მიმართ ერთგვარი ეჭვების გასაფანტად უნდა გამოიყენოს“.
პრეზიდენტის შეფასებით, ეს მომენტი არ უნდა დაიკარგოს და ძალიან ნათელია ის ნაბიჯები, რომლებიც უნდა გადაიდგას. უფრო კონკრეტულად, სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, „პრემიერს, როცა ბრიუსელში ჩადის, ევალება“:
1. აუცილებელია, რომ პრემიერი, მთავრობა, უმრავლესობა გაემიჯნოს იმ რაღაც სამეულებს, ოთხეულებს თუ ვიღაცებს, რომლებიც წარმოუდგენელი ტექსტებით და რიტორიკით გამოდიან. არ შეიძლება, ჩვენ ერთი ხელით ვითხოვდეთ ევროპულ პერსპექტივას და კანდიდატის სტატუსს და მეორე მხრივ, ხან ვლანძღავდეთ ამერიკელ სტრატეგიულ პარტნიორს, ხან ევროკომისიას და ვაბრალებდეთ პარტნიორებს, რომ ომში უნდათ ჩართვა. ეს არის ისეთი მოგონილი ტყუილი, რომელიც საბჭოთა პროპაგანდისტული მანქანის დასრულების შემდეგ არავის სმენია.
არ გვინდა ამ რაღაცების მოგონება. სანქციებზე არასწორი ნათქვამები, ომის თემა, რაც ყველასთვის გაუგებარია, ვინც გარედან გვიყურებს. ეს არის მომენტი, როცა ეს ეჭვები, ტყუილები, რაც ჩვენ მიმართ ნდობაზე, ქვეყნის რეპუტაციაზე გავლენას ახდენს, უნდა გაიფანტოს. ამის მოწმე ყველა უნდა ვიყოთ.
2. გეგმის წარდგენა - უკვე აღარ არის დრო პროცესის, კალენდრის, რა გეგმით ვასრულებთ 12 რეკომენდაციას და ვაჩენთ პოლიტიკურ ნებას, რომ ამ გზაზე შევდგეთ და მივიდეთ ბოლომდე. ეს არის ის, რაც უნდა დაუმტკიცოს ჩვენს პარტნიორებს ბრიუსელში. დაინახონ, რომ საქართველო სერიოზულად დგას ამ გზაზე. სხვა ალტერნატივა არ არსებობს.
3. ევროკავშირში ასოცირების საბჭოს შემდგომ, უკვე სამ კვირაში იმართება გაეროში გენასაბლეა. როგორც ჩანს, პრემიერი იქაც აპირებს, რომ წარადგინოს საქართველო, ასეც იყოს, თუ ასე მიაჩნია, მაგრამ იქ მთავარი საკითხი იქნება უკრაინა და იქაც ჩვენ უნდა გავფანტოთ ყველა ეჭვი, რაც შეიქმნა ჩვენ მიმართ.
ვიცით, ჩვენ სოლიდარობის გამოჩენა თუ არ ვიცით. სოლიდარობა არ ნიშნავს მეორე ფრონტს, არ ნიშნავს ომში ჩართვას, სოლიდარობა არის ის, რაც საქართველომ კარგად იცის, როცა მეგობარი არის ომში ან ბრძოლაში. სოლიდარობა არის ის, რომ ზურგში არ უნდა გააკრიტიკო, რომ უნდა იდგე მორალურად მის გვერდით, სხვა არაფერს არავინ არ გთხოვს, არც დამატებით სანქციებს, ესეც ტყუილია, არც რამე ჩვენი ჩართვა რამეში, მაგრამ ის, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ იქ, სადაც ეკადრება საქართველოს, ჩვენს წარსულს, ჩვენს ღირსებას, ჩვენ მეგობრულ ურთიერთობას წლების განმავლობაში იმ ქვეყანასთან, რომელიც ჩვენსავით ოკუპირებულია.