ზელენსკი: ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ომი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენაზე საუბარი, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე, ამიტომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინის მხარდაჭერაზე სიტყვები ქმედებებად უნდა იქცეს.

„უკრაინის იარაღით, ჭურვებითა და ფინანსებით მხარდაჭერაზე ყველა სიტყვა ქმედებებით უნდა დადასტურდეს, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენა. მაგრამ ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე მიმართვისას.

ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს, მათ შორის სანქციების საშუალებით.

მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ბიზნეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს.

„ნუ დაელოდებით კატასტროფებს გადაწყვეტილების მისაღებად, გადადით პროგნოზირებად პარტნიორებზე. უკრაინა სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

მან ევროპელ პარტნიორებს შეახსენა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინის სუვერენულ მიწაზე.

„ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. მხოლოდ ერთ საშინელ რიცხვს შეგახსენებთ - 379. რუსეთის თავდასხმების შედეგად სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 735-ზე მეტი ბავშვი. ჩვენ ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.