„ყველა სიტყვა უკრაინის იარაღით, ჭურვებითა და ფინანსებით მხარდაჭერის შესახებ, ქმედებებით უნდა დადასტურდეს, ვიდრე ეს ომი გაგრძელდება. რუსეთს არ ესმის მშვიდობის ენა, ის ძალიან კარგად გრძნობს ძალას ბრძოლის ველზე“, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ყოველწლიურ საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე განაცხადა.
ვოლოდიმირ ზელენსკიმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ძალა უნდა იყოს უკრაინის მხარეს, თავისუფალი სამყაროს მხარეს, მათ შორის სანქციების საშუალებით, რომლებსაც მსოფლიო აწესებს რუსეთის აგრესიისგან თავდაცვის მიზნით.
მისივე თქმით, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეწყდეს ყველა ბიზნეს ურთიერთობა იმ ქვეყანასთან, რომელიც რადიაციულ შანტაჟს მიმართავს.
„ნუ დაელოდებით კატასტროფებს გადაწყვეტილების მისაღებად, გადადით პროგნოზირებად პარტნიორებზე. უკრაინა სწორედ ასეთი პარტნიორია“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.
მან ევროპელ პარტნიორებს შეახსენა, რომ რუსეთი საჰაერო იერიშებს ახორციელებს უკრაინის სუვერენულ მიწაზე.
„ყოველდღე ვკარგავთ ადამიანებს. მხოლოდ ერთ საშინელ რიცხვს შეგახსენებთ - 379. რუსეთის თავდასხმების შედეგად სწორედ ამდენი უკრაინელი ბავშვი დაიღუპა. დაშავდა 735-ზე მეტი ბავშვი. ჩვენ ყველას ერთად, ევროპასა და თავისუფალ სამყაროში, გვაქვს ძალა, დავასრულოთ ეს ომი“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.