სოსო გოგაშვილი: საზოგადოებას მივაწვდი NGO-ებისა და მედიის სიას, რომლებსაც სუს-ი მართავს

"იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან", - ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა განაცხადა.

"ქოცპარტია და სუსი აგრძელებს ევროინტეგრაციის პროცესის წინააღმდეგ საბოტაჟს. ამ მიზნით ისინი დამოუკიდებელ ორგანიზაციებს არ აძლევენ საშუალებას იყვნენ ჩართული რეალური რეფორმების პროცესში, რომელიც მოცემულია თორმეტპუნქტიანი გეგმის შესრულების სახით. ისინი იმიტირებულ სამუშაო ჯგუფებშიც კი ანაცვლებენ დამოუკიდებელ ავტორიტეტულ ორგანიზაციებს ისეთი ენჯეოებით (GONGO) რომლებიც სრულად კონტროლდებიან მათ მიერ. ასე ჩაანაცვლეს ISFED და საია ორი სხვა ორგანიზაციით საარჩევნო რეფორმების ჯგუფში და იგივეს აკეთებენ სახალხო დამცველის არჩევასთან დაკავშირებით. ჩანაცვლებულ ორგანიზაციებს (GONGO) აქვთ ძალიან კარგი გამოცდილება სუსთან თანამშრომლობის, რასაც მე პირადად ვადასტურებ. მხედველობაში მაქვს "მრავალეროვანი საქართველო" და ფუტკარაძის ორგანიზაცია. ისინი ზედმიწევნით ასრულებენ სუსის დირექტივებს, არიან კოორდინაციაში ოფიცრებთან და შესაბამისად იღებენ პარტიის შავი სალაროდან დაფინანსებას ან სხვა პრივილეგიებს მთავრობიდან.

იმისათვის, რომ მაქსიმალურად ხელი შეეშალოს ქოცპარტიას და რუსულ სუსს ამ საბოტაჟის განხორციელებაში, მე საზოგადოებას მედიის საშუალებით მივაწვდი იმ ენჯეოების, მედიის, ექსპერტ-მპოსტავების და სხვათა სიებს, რომლებიც კონტროლდებიან და იმართებიან სუსის მიერ და ფინანსდებიან ქოცპარტიის შავი სალაროდან.

ქვეყანა უნდა იცნობდეს "ГРУსული ოცნების სალოსებს". ვემსახურები საქართველოს", - ნათქვამია გოგაშვილის მიმართვაში.


ცნობისთვის, სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი საკუთარ საცხოვრებელ სახლში სპეცოპერაციის შედეგად დააკავეს. სუსის ინფორმაციით, გოგაშვილის სახლში ჩხრეკის ოპერაცია მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარდა და საქმე ეხება არა ახალ, არამედ მიმდინარე სისხლის სამართლის გამოძიებას. თავად გოგაშვილი ბრალდებებს უარყობს და აცხადებს, ოჯახის განადგურებით ემუქრებიან.