„ანკარას მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, დაიცვას თურქეთის უფლებები და ინტერესები ეგეოსის ზღვაში, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვასა და კვიპროსში", - ამის შესახებ თურქეთის თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აკარმა განაცხადა.
აკარმა მოუწოდა საბერძნეთს, „მშვიდობისთვის გაწვდილ ხელს ადეკვატურად უპასუხოს და განაგრძოს თანამშრომლობა საერთაშორისო სამართლის შესაბამისად, კეთილმეზობლური ურთიერთობების ფარგლებში".
თურქეთის თავდაცვის მინისტრმა მოუწოდა ათენს, გადახედოს ისტორიას. მისივე განცხადებით, საბერძნეთი ვერაფერს მიაღწევს ეგეოსის ზღვის კუნძულების შეიარაღებით.
„ანკარა ყურადღებით ადევნებს თვალს ათენის ქმედებებს, რომლებიც უგულვებელყოფს საერთაშორისო კანონმდებლობას, კეთილმეზობლობასა და მეგობრობას. როგორც თურქეთი, ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას არა როგორც ტვირთი NATO-სა და ჩვენი მოკავშირეებისთვის, არამედ როგორც ქვეყანა, რომელიც საკუთარ ვალდებულებებს ასრულებს.
საბერძნეთის ქმედებები არის უკიდურესად მტრული და არასწორ. NATO-მ და მესამე ქვეყნებმა ასევე უნდა დაინახონ საბერძნეთის ქმედებები. ჩვენ გავაფრთხილეთ ყველა ჩვენი მოკავშირე. ჩვენ ველით, რომ ისინი იქნებიან ობიექტურნი. მათ უნდა იცოდნენ, რომ საბერძნეთის ქმედებები და რიტორიკა არ შეესაბამება მეგობრობას ან ალიანსს“, - განაცხადა აკარმა Anadolu-ს ცნობით.
თავის მხრივ, თურქეთის პრეზიდენტმა დღეს განაცხადა, რომ საბერძნეთის ნეგატიური მიდგომა NATO-სადმი, არ ასუსტებს თურქეთ-NATO-ს ურთიერთობებს. მისივე თქმით, საბერძნეთს NATO-ში არანაირი ღირებულება არ აქვს. ერდოღანი ამბობს, რომ საბერძნეთის ნეგატიური განცხადებები, NATO-სთან ანკარის კავშირებს ვერ დააზიანებს.
თურქული მხარის ცნობით, 2022 წლის დასაწყისიდან ბერძნულმა სამხედრო თვითმფრინავებმა 256-ჯერ დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. ამასთან, მათივე ცნობით, საბერძნეთის სანაპირო დაცვის კატარღებმა ასევე 33-ჯერ დაარღვიეს თურქეთის ტერიტორიული წყლები.