შინაგან საქმეთა სამინისტრო ახალი საკანონმდებლო ინიციატივით გამოდის, რომლის გათვალისწინებით, დადგენილი წესის დარღვევით დამუქებული მინების, ან შეზღუდული შუქგამტარობის მქონე სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის 500-ლარიანი ჯარიმა იქნება გათვალისწინებული.
საკანონმდებლო ცვლილებების ინიცირება 5 სექტემბრის ბიუროს სხდომაზე მოხდება. კანონპროექტით, იზრდება ჯარიმა აღნიშნული ქმედების განმეორებით ჩადენისთვის, რომლისთვისაც სანქციის ოდენობა იქნება – 1 000 ლარი.
ამასთან, სანქცია წესდება მძღოლის მიერ სხვისი მართვის უფლებით სარგებლობის მიზნით პოლიციის უფლებამოსილი პირისათვის ცრუ ინფორმაციის მიწოდებისთვის, რომელიც გამოიწვევს დაჯარიმებას 700 ლარის ოდენობით. 250 ლარიდან 300 ლარამდე იზრდება ჯარიმა არარეგისტრირებული სატრანსპორტო საშუალების მართვისთვის.
"ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებების პროექტი შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა. მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივა პარლამენტის ბიუროს საშემოდგომო სესიის პირველივე სხდომაზე წარედგინება.