სამხრეთ კორეაში პოლიცია ეძებს კაზინოს თანამშრომელს, რომელმაც 13,2 მილიონი დოლარი მოიპარა

სამხრეთ კორეაში პოლიცია ეძებს კაზინოს თანამშრომელს, რომელმაც 14,56 მილიარდი ვონი (13,2 მილიონი დოლარი) მოიპარა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post-ი ავრცელებს.

ეჭვმიტანილია კაზინოს თანამშრომელი, 50 წლამდე მალაიზიელი ქალი, რომელიც საახალწლო და საშობაო დღესასწაულების შემდეგ სამსახურში არ გამოჩენილა.

მოპარული ფული 280 კილოგრამს იწონის და პოლიციაში აცხადებენ, რომ ქალს თანამზრახველებიც ჰყავდა, ვინაიდან ერთი ადამიანი ასეთ თანხას მარტო ვერ წაიღებდა. სამართალდამცველები აცხადებენ, რომ თვითმფრინავით ან გემით ასეთი თანხის გატანა ასევე რთულია, ამიტომ დიდია იმის ალბათობა, რომ ფული საკურორტო კომპლექსის მახლობლადაა გადამალული. ამასთანავე, გარე სათვალთვალო კამერების ჩანაწერები სისტემიდან წაშლილია, რაც ასევე ართულებს გამოძიებას.

მსხვილი საკურორტო კომპლექს Jeju Shinhwa World-ის ტერიტორიაზე მდებარე კაზინოდან ფულის გაუჩინარების შესახებ 4 იანვარს გახდა ცნობილი.

საკურორტო კომპლექსი Jeju Shinhwa World-ი კუნძულ ჩეჯუდოზე მდებარეობს. მის შემადგენლობაში 4 სასტუმრო, სამი გასართობი პარკი, სავაჭრო ცენტრი და სხვა ობიექტები შედის.