საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ბათუმში ე.წ. რუსული სკოლის School Club Georgia გახსნაზე მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა.
„საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ School Club Georgia არ არის ავტორიზებული და, შესაბამისად, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.
როგორც მოგეხსენებათ, საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვებისთვის დაწესებულებამ უნდა გაიაროს ავტორიზაცია, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების უზრუნველყოფა. ავტორიზაციის გავლა სავალდებულოა როგორც საჯარო, ასევე კერძო სუბიექტისთვის.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის დანაშაულს წარმოადგენს უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობა, კერძოდ, ავტორიზაციას დაქვემდებარებული საგანმანათლებლო საქმიანობის შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე განხორციელება ან/და ამგვარი საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებით შეცდომაში შემყვანი ინფორმაციის გავრცელება ან/და ზოგადსაგანმანათლებლო, პროფესიული საგანმანათლებლო, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების აღმნიშვნელი სახელის შესაბამისი უფლებამოსილების გარეშე გამოყენება.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით უკვე მიმართა შესაბამის უწყებას, – აღნიშნულია საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს განცხადებაში.
მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან.
როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.