ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე გამოძიება დაიწყო.
„2022 წლის 3 სექტემბერს, მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში, მყისიერად, დაიწყო გამოძიება ერთ-ერთი სასწავლო დაწესებულების მიერ, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს შესაბამისი ავტორიზაციის გარეშე უკანონო საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 192-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით“, – აცხადებენ უწყებაში.
საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, რომ გამოძიების მიმდინარეობის შესახებ, პერიოდულად მოხდება საზოგადოების ინფორმირება.
მანამდე, Batumelebi.ge-მ გამოაქვეყნა სტატია, სახელწოდებით „რუსული სკოლა ბათუმში, სადაც რუსეთში შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან", სადაც წერია, რომ ბათუმში, მელიქიშვილის ქუჩაზე მდებარე შენობას School club Georgia, სკოლის კლუბი, развивающие занятия აწერია, იქ შესულ ჟურნალისტებს კი არაფორმალურ საუბარში დაუდასტურეს, რომ ეს ადგილი კერძო სკოლა იყო, სადაც მოსწავლეებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებული პროგრამით ასწავლიან.
როგორც გამოცემამ გადაამოწმა, სკოლის დირექტორი ნატალია გეორგიევა რუსეთის მოქალაქეა და ბათუმში, ფალიაშვილის ქუჩის N4-ში 263.18 კვ/მ-ის მშენებარე ფართობის მესაკუთრეა.