უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სულ 382 ბავშვი დაიღუპა და 740-ზე მეტი დაშავდა. ეს მონაცემები საბოლოო არ არის, რადგანგამოძიება საომარი მოქმედებების, დროებით ოკუპირებულ და გათავისუფლებულ ტერიტორიებზე მიმდინარეობს.
ამის შესახებ უკრაინის გენერალურმა პროკურატურამ განაცხადა.
„2022 წლის 4 სექტემბრის მონაცემებით, უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული აგრესიის შედეგად 1122-ზე მეტი ბავშვი დაზარალდა. სულ დაიღუპა 382 ბავშვი და 740-ზე მეტმა მიიღო სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება“, - ნათქვამია ანგარიშში.
უკრაინული მედიის ცნობით, 2022 წლის 3 სექტემბერს, დნეპროპეტროვსკის ოლქში რუსეთის ძალების მიერ განხორციელებული დაბომბვისას 9 წლის ბიჭი დაიღუპა.
„გუშინ ასევე განახორციელეს საარტილერიო დარტყმა მრავალჯერადი სარაკეტო სისტემებით (MLRS), აკრძალული კასეტური საბრძოლო მასალის გამოყენებით, მიკოლაივის რაიონის სოფელ ვისუნსკზე. შედეგად, დაიღუპა 8 წლის ბიჭი, დაშავდა სამი ბავშვი, 9, 7 და 11 წლის. რუსეთის ყოველდღიური საჰაერო და საარტილერიო დარტყმების შედეგად, უკრაინაში სულ 2328 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა და მათგან 289 მთლიანად განადგურდა. უკრაინის გენერალური პროკურატურის მონაცემებით, უკრაინაში სულ 228 ბავშვი ითვლება დაკარგულად“, - წერს უკრაინული მედია.