ანა ფოტიგამ ჩამოთვალა საკითხები, რომლებიც ოპოზიციასთან შეხვედრისას განიხილა

სასტუმრო „სტამბაში“ „ნაციონალური მოძრაობისა“ და საქართველოში ვიზიტად მყოფ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგას შორის შეხვედრა დასრულდა.

ევროპარლამენტარის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი ქვეყნისთვის მნიშვნელოვან და ღირებულ საკითხებზე წარიმართა.

„შევხვდი ქართული ოპოზიციის წარმომადგენლებს, მათ შორის ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს. ვისაუბრეთ ყველაფერზე რაც მნიშვნელოვანი და ღირებულია საქართველოსთვის. ასევე ომზე უკრაინაში, რადგან ჩემი სპეციალობის სფერო თავდაცვა და უსაფრთხოებაა”, - განაცხადა ანა ფოტიგამ „ინტერპრესნიუსის“ ცნობით.

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ნიკა მელიამ ევროპარლამენტარ ანა ფოტიგასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა, რომ ასეთი შესაძლებლობა, როდესაც საქართველოს სტრატეგიული პარტნიორები ფიზიკურად არიან თბილისში, მაქსიმალურად იქნება გამოყენებული.