უკრაინის პრეზიდენტი იმედოვნებს, რომ ბორის ჯონსონის მემკვიდრესთან მჭიდრო ურთიერთობა გაგრძელდება. ამის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკი Daily Mail-თან საუბრობს.
„როდესაც ბრძოლები მძვინვარებდა, პრემიერი კიევში იმედის გზავნილებით ჩამოვიდა. ჩვენ მას უკრაინული სახელიც კი დავარქვით - ბორის ჯონსონიუკი. რუსეთის შემოჭრის დღეს, დილით ადრე, ბორისი იყო მსოფლიოს პირველ ლიდერთა შორის, ვისთანაც მქონდა საუბარი. მოგვიანებით, ასეთი სატელეფონო ზარები გახდა რეგულარული, რაც რუსეთის აგრესიასთან ბრძოლის გარშემო უკეთ კოორდინაციის საშუალებას გვაძლევდა.
გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ბორისის მემკვიდრეობა რუსული ბარბაროსობის წინააღმდეგ ბრძოლაში შენარჩუნდება. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას, რადგან სხვა გზა არ გვაქვს. ეს არის ჩვენი ცხოვრება, ჩვენი მომავალი დევს სასწორზე. ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა და ლიდერობა. ჩვენ ეს გვჭირდება, რადგან ჩვენ ვართ ახალგაზრდა, მშვიდობისმოყვარე დემოკრატია“, - წერს ზელენსკი.
საპასუხოდ, ჯონსონმა სამადლობელი პოსტი Twitter-ზე გამოაქვეყნა. მან უკრაინის პრეზიდენტს გმირი უწოდა.
„დიდი ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისა და მისი ხალხისადმი ურყევია. ჩვენ გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას პუტინის ომის წინააღმდეგ“, - წერს ჯონსონი.