ვოლკერი: ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და NATO-ში გაწევრიანება

ეროვნული მიზანი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება და საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად, – ამის შესახებ NATO-ში აშშ-ის ყოფილმა ელჩმა, კურტ ვოლკერმა განაცხადა.

მისივე შეფასებით, ნომერ პირველი საკითხი, რაზეც ევროკავშირი ფოკუსირებულია თავის განცხადებებში საქართველოს შესახებ, არის პოლარიზაცია და ახლა საჭიროა, ორივემ – მთავრობამაც და ოპოზიციამაც ერთად იმუშაონ. ეს არ ეხება მხოლოდ მთავრობას ან მხოლოდ ოპოზიციას.

„ყველამ უნდა იმუშაოს ერთად ეროვნული მიზნის მისაღწევად. ეროვნული მიზანი კი უნდა იყოს საქართველოს ევროკავშირის წევრობის რაც შეიძლება მალე მიღება, ასევე, საქართველოს NATO-ში გაწევრიანება, რადგან უკრაინაში, ასევე, შვედეთისა და ფინეთის შემთხვევაში, რომლებიც NATO-ში წევრიანდებიან ვხედავთ - თუ არ ხარ ევროკავშირში ან NATO-ში, არ არსებობს კეთილდღეობა ევროპაში, არ არის დემოკრატიის გარანტია, არ არის უსაფრთხოება, ეს არის ის, რაც ადამიანების კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფს.

ეს არის უფრო მაღალი მიზანი მთელი ქვეყნისთვის, არამხოლოდ მთავრობისთვის, არამხოლოდ ოპოზიციისთვის. ეს მნიშვნელოვანია ყველასთვის. ყველამ უნდა იმუშაოს ერთი მიზნისთვის“, – განაცხადა კურტ ვოლკერმა საზოგადოებრივი მაუწყებლის ცნობით.