უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ ეს გარემოება შეიცვლება და ყირიმი ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად იქცევა ევროპაში.
„ყირიმში ოკუპანტების მიერ ყირიმელი თათრების მეჯლისის თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ნარიმან ჯელალის დაკავებიდან ერთი წელი გავიდა, მას არანაირი დანაშაული არ ჩაუდენია. ერთადერთი, რითაც მან გააღიზიანა ოკუპანტები, იყო თავისი ხალხისა და თავისი ქვეყნის - უკრაინის დაცვა.
ყირიმში რუსეთის ყოფნამ ის ევროპის ერთ-ერთ ყველაზე საშიშ და არათავისუფალ ადგილად აქცია. მჯერა, რომ უკრაინის დროშა და თავისუფალი ცხოვრება ყირიმს ისევ დაუბრუნდება. ჩვენ გავათავისუფლებთ მთელ ჩვენს მიწას, მთელ ჩვენს ხალხს. უკრაინის შეიარაღებული ძალები, ჩვენი დაზვერვა, სპეცსამსახურები ამისთვის უკვე დგამენ საჭირო ნაბიჯებს. ყველა ხედავს, რომ ოკუპანტები ყირიმიდან უკვე გარბიან. ეს არის სწორი არჩევანი ყველა მათგანისთვის.
ჩვენ დავუბრუნებთ თავისუფლებას ყირიმს, ყირიმში მყოფ ყველა ჩვენს ხალხს და აუცილებლად ვაქცევთ ყირიმს ერთ-ერთ საუკეთესო, ყველაზე კომფორტულ ადგილად ევროპაში. ყირიმი ამას იმსახურებს“, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.