"ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რატო დავბრუნდე? ე.ი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, რატომ მოვბრუნდე? რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე" - განაცხადა ივანიშვილმა პირდაპირ ეთერში.
„ქართული ოცნების“ დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი განმარტავს, თუ რატომ არ მიაჩნია სწორად კიდევ ერთხელ პოლიტიკაში დაბრუნება.
ივანიშვილის თქმით, პოლიტიკაში დაბრუნებას აღარ აპირებს, რადგან თუ საზოგადოებას მისი მსგავსი კვლავ სჭირდება, „ქართული ოცნება“ სწორედ ის გუნდია, რომელიც მისნაირებისგან შედგება.
საქართველოს პირველი არხის წამყვანის, გიორგი გვიმრაძის კითხვაზე, თუ არსებობს ისეთი შემთხვევა, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უკან დაბრუნდება, ივანიშვილი აცხადებს, რომ უკან დაბრუნებას არ აპირებს.
„გუნდი იყო გამოუცდელი, ეკლექტური, ის არ იყო ერთი პარტიის გუნდი. როდესაც წავედი პარტიიდან, შეიძლება ითქვას, კოალიციური პარლამენტი იყო, რადგან რამდენიმე პარტიისგან შედგებოდა. 2016 წელს ძალიან ვაქტიურობდი, პროცესებში ვეხმარებოდი გუნდს, რომ მყარად ჩამოყალიბებულიყო თავის იდეოლოგიაზე და პარტია შემდგარიყო, სამწუხაროდ, მე ამასაც ვხედავდი და ალბათ სხვებიც ამჩნევდნენ, რომ ეს ვერ ხერხდებოდა ბევრი მიზეზის გამო.
ნახეთ, რომ რამდენიმე თვის წინ, „მწვანეთა პარტია“, „სოციალ-დემოკრატები“, რომლებმაც უფრო დიდხანს შეინარჩუნეს სახე „ქართული ოცნების“ და მადლობის მეტი არაფერი მეთქმის ამისთვის, წავიდნენ, თუმცა ეს არ იყო ხელოვნური დაშორება. მათ ბუნებრივად, თავად ჰქონდათ სურვილი და არავის ხელი არ შეუშლია.
არც იმას დაგიმალავთ, რომ „ქართულ ოცნებასაც“ ჰქონდა სურვილი, ერთი შემადგენლობით წარმდგარიყო, როდესაც მე მოვბრუნდი მეორედ პოლიტიკაში. სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა, რომ დროში პარტია შემდგარიყო და ჩამოყალიბებულიყო. გაჩნდა ხიფათი ობიექტურად, რომ პარტია, რასაც „ქართული ოცნება“ ერქვა, შეიძლებოდა დაშლილიყო. ეს ხიფათი იყო რეალური. მე მოვბრუნდი და ორ წელიწადზე მეტია, ამ მიმართულებით გუნდს ჩემს გამოცდილებას ვახმარდი და აბსოლუტურად განსხვავებული გუნდია დღეს „ქართული ოცნება“.
მე რაც შემეძლო, ჩემი გამოცდილებით, გუნდთან ერთად უკვე გავაკეთე. ვტოვებ შემდგარ, სოლიდურ გუნდს, ერთფეროვანს და ერთგვაროვანს, რომელსაც „ქართული ოცნება“ ჰქვია. უკვე გამოცდილ გუნდს და არა იმას, რომელიც ერთი წლის შემდგომ დავტოვე. რაც შეიძლებოდა, ჩემგან მიეღო გუნდს, მიიღო.
ახლა რომ გუნდს რაღაც გაუჭირდეს და მე მოვბრუნდე, გაუგებარია. რაც შემეძლო გავაკეთე და ახლა რატო დავბრუნდე? ე.ი თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს, რაღაც სწორად ვერ გავაკეთე და თუ სწორად ვერ გავაკეთე, რატომ მოვბრუნდე? რატომ მივდივარ, თუ ისევ უკან მოსვლა მიწევს? რაც შემეძლო, ყველაფერი ჩავდე“, – განაცხადა ივანიშვილმა.