„ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა, - განაცხადა „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა, ბიძინა ივანიშვილმა "პირველი არხის" პირდაპირ ეთერში.
ივანიშნვილის თქმით, გიორგი გახარია მთავრობის ხელმძღვანელობას კარგად ართმევს თავს და კარგია, რომ არჩევნების შემდეგ მთავრობის გუნდი უცვლელი დარჩა.
„ზოგს უკვირს, რატომ არ შეიცვალნენ მინისტრები. ეს პრემიერმა არ ისურვა. ვიღაცებს ილუზიები აქვთ, რომ ივანიშვილმა მოახვია თავს, მაგრამ, გარწმუნებთ, რამდენჯერმე დავუსვი კითხვა გიორგის, ვის შეცვლას აპირებ, ჰქონდა რაღაც კითხვები, რაც საჯაროდ აღარ ითქმის, რაღაც სხვა გეგმები, რაზეც მას ჰქონდა აბსოლუტური თავისუფლება. ბოლოს მახსოვს, ხელს როცა ვაწერდი მის პრემიერად წარდგენას, მითხრა, რომ არავის არ შეცვლის, მოსწონს ეს გუნდი“, – განაცხადა ივანიშვილმა.
როგორც ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა, პარტიის დატოვების გადაწყვეტილების შემდეგ გუნდის საქმიანობაში არ ჩაერევა.
„გუნდი საკმაოდ გამოცდილია, ჩემი რჩევები არ სჭირდებათ. ვფიქრობ, რომ თავადაც დაიცავენ თამაშის წესს, რაზეც შევთანხმდით. თუ ასეთი მოხდება, აუცილებლად უარით ვუპასუხებ, რომ თუ პირადული რამე გაქვს, კი ბატონო, სიამოვნებით, მაგრამ პოლიტიკური თემები, სჯობს, გადაწყვიტოთ გუნდთან ერთად. ამავდროულად, ჩვენ გვყავს სტრატეგიული პარტნიორი, ჩვენ ვმეგობრობთ ევროკავშირთან, ნახეთ, როგორი კარგი ურთიერთობები დამყარდა. მათ შეუძლიათ, დამატებითი რჩევები მიიღონ პარტნიორებიდან და არა ჩემგან“, – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს პირველ არხთან ინტერვიუს დროს.